ყოველთვის თავჩახრილი, მშრომელი, პოზიტიური, ხმის არ ამწევი და ფეხბურთის თამაშზე უზომოდ შეყვარებული – ესაა ხავი მარტინესი.

ბასკს ყველა ენდობოდა, იუპ ჰაინკესმა მის გადასაყვანად ყველაფერი გააკეთა, გვარდიოლას სადაც უჭირდა, მას ყველა პოზიციაზე ათამაშებდა, ისევე როგორც ანჩელოტი. გუნდიდან წასვლამდე, რაიფინიამაც ასე თქვა, ჰაინკესი და გვარდიოლა მენდობოდნენ, ნიკო კოვაჩი ვინ არის ძირითადში რომ არ მათამაშებსო. ხორვატს სხვა ხედვა აქვს და მისი შემდეგი ნაბიჯი მარტინესის იგნორირებაა.
არადა ესპანელი ხარი მიუნხენელების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია. კაცი, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. მისი გოლი ჩელსის კარში? არისტოკრატებთან ჩემპიონთა ლიგის ფინალში წაგებისთვის შურისძიება, ბოლო წამს დარტყმული და „ბაიერნმა“ დამატებით დროში თამაშის უფლება მოიპოვა, პენალტების სერია კი – მოიგო. ის გუნდში არეულობის შემომტანი არ არის. აქაც, პასუხი თამაშის შემდეგ წამოსული ცრემლები იყო, ფეხბურთზე შეყვარებული კაცის. რომელსაც უსამართლოდ ჩაგრავენ.
ყველა შვილის ბოლო გზა ხომ ისევ სახლია? მარტინესის შემთხვევაც ასეა, „ბილბაოს“ მისი დაბრუნება სურს.
ნიკო კოვაჩმა „ტოტენჰემის“ განადგურების შემდეგ სკამზე ადგილი გაიმყარა, თუმცა ამით ჯერ ისტორია არ დაუწერია. მარტინესის საქმეებს კი ვეღარაფერი წაშლის. ასე ცუდად, კარგ ბიჭებს პატარა კაცები ხომ არ ექცევიან? – კითხვაზე პასუხი, სავარაუდოდ, სეზონის ბოლოს იქნება.