გახსოვთ სიტყვები: „ეჭვი არ არის, რომ ყველაფერი ბრაზილიისთვის კეთდებოდა. იმედი მაქვს, ვიდეორეფერი და მსაჯები ფინალში არ ჩაერევიან, რითაც პერუს წინააღმდეგობის გაწევის საშუალება მიეცემა, თუმცა მეეჭვება. მე არ მინდა ამ კორუფციის ნაწილი ვიყო. ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმ უღირსობის ნაწილი, რომელსაც „კოპა ამერიკას” დღეებში გადავაწყდით. ჩვენ უფრო მეტისთვის უნდა მიგვეღწია, მაგრამ ფინალში ვერ გავედით. კორუფცია, მსაჯები და მთელი ეს სიბინძურე ხალხს ფეხბურთით სიამოვნების საშუალებას არ აძლევს.

მე ყოველთვის სიმართლეს ვამბობ და ეს მამშვიდებს. ხოლო ჩემს ნათქვამს მოჰყვება თუ არა რეზონანსი, არ მაინტერესებს”.

ეს გასულ ზაფხულს, „კოპა ამერიკაზე”, ლეო მესიმ თქვა და მის ნათქვამს რეზონანსი რასაკვირველია, მოჰყვა. ის ასეთი იყო: კონმებოლმა არგენტინელი ვარსკვლავი სამთვიანი დისკვალიფიკაციითა და 50 000 დოლარით დასაჯა.

სწორედ ამიტომ არ ითამაშებს მსოფლიოს 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დღეს, დორტმუნდში, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში.

მესი არც შემდეგ შეხვედრაში იქნება — 13 ოქტომბერს არგენტინელები ესპანეთში ეკვადორს შეხვდებიან.