თუკი „მანჩესტერ სიტიში” საქმეები ცუდად წავა, პეპ გვარდიოლა გადაგდება, რაც  კლუბის თავმჯდომარემ ხალდონ ალ მუბარაქმა კარგად იცის, — წერს „სანი”.

ფაქტია, მიმდინარე სეზონი „სიტიმ” მთლად კარგად ვერ დაიწყო და ამის მორიგი დასტური კვირას, „ვულვერჰემპტონთან” შინ 0:2 წაგება გახლდათ. შედეგად, „ქალაქელები” ლიდერ „ლივერპულს” 8 ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ ამჯერად სხვა რამეზე გვსურს თქვენი ყურადღების გამახვილება.

პეპ გვარდიოლამ დაწერა ახალი წიგნი სათაურად „პეპის სიტი — სუპერგუნდის შექმნა”, სადაც თავში, რომელიც ხალდუნთან ახლო ურთიერთობას ეხება, ის ასე წერს: „თუ საქმე გეგმის მიხედვით არ წავა გადავდგები და მან ეს ძალიან კარგად იცის. თუმცა, მე ამის თავიდან ასარიდებლად ყველა ზომას ვიხმარ. შევეცდები სულ წინ ვიაროთ”.

წიგნში გვარდიოლა წლევანდელ შობასაც ეხება და ამბობს, რომ სადღესასწაულო დღეებში თავის ფეხბურთელებს კომენდანტის საათს დაუწესებს. მიზეზი: შარშან მისმა რამდენიმე მოთამაშემ ვერ მოზომა და კლუბში დილამდე მოულხინა, ამის გაგრძელება კი ის იყო, რომ 2018 წლის 22 დეკემბერს „მანჩესტერ სიტიმ” შინ „კრისტალ პალასთან” 2:3 წააგო.

ამრიგად, გვარდიოლამ თავის ასისტენტებთან ერთად ვითარება გააანალიზა და დაასკვნა, რომ წლეულს ფეხბურთელებს თავისუფალი დრო შეზღუდული უნდა ჰქონდეთ.

ის, რაც შარშან მოხდა, როდესაც „ქალაქელების” ერთმა ნაწილმა ზეიმი კლუბთან ერთად „გრეით ნორზენ ვეარჰაუსში” დაიწყო, შემდეგ კი გაიძურწა და შორიახლოს მდებარე კლუბ „ჩაინავაითში” დილამდე ყირაზე იდგა, წლეულს არ უნდა დავუშვათო, წერს კატალონიელი.

წიგნს, „პეპის სიტი — სუპერგუნდის შექმნა” ინგლისში გასაყიდად ოქტომბრის ბოლოს გაიტანენ.

საინტერესოა, რომ გვარდიოლას დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში ფულადი ჯარიმები გაუუქმებია. ალბათ, მართალიცაა. მილიონერების რამდენიმე ათასი გირვანქით დაჯარიმება სასაცილოა. ამის სანაცვლოდ, მოთამაშე, რომელიც ცუდად მოიქცევა, დარბაზში ბორბალს დაატრიალებს — ასე უფრო მიხვდება, გუნდს მისგან რა სჭირდებაო, წერს გვარდიოლა.

კიდევ, სასჯელებს შორისაა მოედნის მომვლელის, ფორმებზე პასუხისმგებელი თანამშრომლის და მზარეულების დახმარება.

ბენჟამენ მენდიმ კი უკვე იმუშავა სამრეცხაოში.

 

წილი
წინა სტატიაფერგიუსონები
შემდეგი სტატიაე, ლიგა
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.