ეროვნულ ლიგაში სულ 6 ტური დარჩა. ზოგი გუნდისთვის ეს 6 ფინალია. საქართველოს ჩემპიონატში პირველად შეიძლება მოხდეს, რომ უმაღლესში დაწინაურებული გუნდი პირველივე სეზონში ჩემპიონი გახდეს. ეს მსოფლიო ფეხბურთშიც იშვიათი მოვლენაა.
ტოპ–ლიგებში ბოლოს ასეთი რამ 1999 წელს მოხდა, როცა ოტო რეჰაგელის „კაიზერსლაუტერნი“ ბუნდესლიგაში გადავიდა, დაიწყო და აღარ გაჩერდა.
რა თქმა უნდა, არც ბუნდესლიგასა და ელიგას არ ვადარებთ, არც „კაიზერსა“ და ბათუმის „დინამოს“, არც რეჰაგელსა და გია გეგუჩაძეს. უბრალოდ, ფაქტი აღვნიშნეთ.
საქართველოსკენ მოვიხედოთ. სავარაუდოდ, ორი „დინამოდან“ ერთ–ერთი გახდება ჩემპიონი და „სავარაუდოდ“ იმიტომ, რომ საბურთალოს ჯერ კიდევ აქვს შანსი: 5 ქულაა ორივესთან ჩამორჩენა. ალბათობა მცირეა, მაგრამ არა – წარმოუდგენელი.
საინტერესოა, რომ მეოთხე ადგილზე გასვლის მეტ–ნაკლები შანსი ყველას აქვს „ვიტ ჯორჯიას“ გარდა. მეოთხედან მეცხრე ადგილამდე 9 ქულაა სხვაობა, თუმცა ბოლო თამაშებიდან გამომდინარე რთული წარმოსადგენია „სიონს“, „რუსთავსა“ და „ჩიხურას“ მეოთხეობაზე ჰქონდეთ პრეტენზია. მათი მთავარი ამოცანა ფლეი–აუტის ზონიდან გასვლაა.
შესაბამისად, მეოთხეზე მყოფი „ლოკომოტივი“ თავისუფლად შეიძლება მერვეზე გავიდეს და ფლეი–აუტში მოხვდეს, ანუ გავარდნის საფრთხე აქვს. იგივე ითქმის „ტორპედოზე“. მშვიდად ვერ იქნება.
სერიებზე: გორის „დილამ“ ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და მეექვსეზეა. შეიძლება მეოთხეზე გავიდეს და ევროპა ლიგაზეც ამოჰყოს თავი (თუ თასს „საბურთალო“ მოიგებს) და შეიძლება სულაც გავარდეს.
„ტორპედო“ ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა, რომ არა ცნობილი ფინანსური ამბები და გუნდის დაშლა. ზაფხულიდან მოყოლებული ქუთაისელებმა 9 მატჩი ჩაატარეს და აი, შედეგი: 1 მოგება, 3 ფრე, 5 წაგება, ბურთები 6:12. რამხელა დარტყმა მიიღო გუნდმა, როგორ უცებ შეიცვალა… თუმცა კახა ჩხეტიანის ბიჭებმა თასზე „რუსთავის“ დამარცხება და ნახევარფინალში გასვლა მოახერხეს.
„ლოკომოტივი“ სულ სერიებითაა. ერთი პერიოდი 9 ტურში 7 თამაში მოიგო და 2 ფრედ დაასრულა, მერე კი მოაყოლა 6 ცუდი მატჩი და აი, წინა ტურში ტორპედოსთან 2:0 გამარჯვებით გამოისწორა ხასიათი.
ლევან კორღალიძის გუნდს ევროტურნირებზე გასვლის კარგი შანსი აქვს: მეოთხე ადგილით ცალკე და პლუს, თასის ნახევარფინალშია გასული, სადაც მეოთხელიგელ გარეჯს ხვდება.
„ვიტელებს“ მხოლოდ 13 გოლი აქვთ გატანილი, თუმცა თითქმის ყველა შეხვედრა ბრძოლაში წააგეს და ეს დასაფასებელია. თან, ვინ იცის, რა ოქროს ქულები დააკარგვინეს „საბურთალოსა“ და „ლოკოს“.
მთლიანობაში კი ჩემპიონატი გაალამაზა სწორედ ბათუმის „დინამომ“ და მისმა ქომაგებმა, რომლებიც საოცარ ატმოსფეროს ქმნიან. ჯერ მარტო ჯოვინო ფლამარიონი რად ღირს, ბრაზილიელმა ბოლო 6 მატჩში ზედიზედ გაიტანა და აქედან ერთხელ დუბლი შეასრულა. ვნახოთ, გააგრძელებს თუ არა სერიას.