23 წლის ბრაზილიელი არტურ მელო სინგაპურს გაემგზავრა, სადაც სელესაოს შემადგენლობაში სენეგალისა და ნიგერიის ნაკრებებს უნდა ეთამაშოს. არტური, მოგეხსენებათ, „ბარსელონას” ფეხბურთელია, რომელმაც სეზონი მძიმედ დაიწყო, მაგრამ თანდათან ფორმაში ჩადგა და უკვე ორი გოლიც შეაგდო.

ესპანეთის ჩემპიონს კარგად ათამაშებული ფეხბურთელის ნაკრებში გაშვება არ უნდოდა, მაგრამ თავად ნახევარმცველმა ასე თქვა:

„ბარსელონელების კარგად მესმის, მაგრამ ჩემთვის, ისევე როგორც სხვებისთვის, ეროვნულ გუნდში თამაში უდიდესი პატივი და სიამაყის საბაბია. როდესაც კი შემეძლება, ნაკრებში ვითამაშებ და ძალ-ღონეს არ დავზოგავ.

სადარდებელი არაფერია. აქ, ბრაზილიის ეროვნულ გუნდში, ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე ჩინებულად ზრუნავენ. მათ კარგად იციან, რომ მოთამაშეები სანაკრებო თამაშების შემდეგ თავიანთ კლუბებს უნდა დაუბრუნდნენ”.

ტიტეს ხელში არტური სელესაოს შემადგენლობაში რეგულარულად თამაშობს, მაგრამ გოლი ჯერ არ გაუტანია.

„ძალიან მინდა ნაკრების შემადგენლობაში გოლი შევაგდო, — თქვა არტურ მელომ, — ბევრს ვმუშაობ და ყველანაირად ვცდილობ, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს”.