ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი გარემოს დაცვისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას აგრძელებს. ამის უმთავრეს დასტურად კი მეტად საინტერესო გადაწყვეტილება გამოდგება. ტოკიო 2020-ის სპორტსმენთა ოლიმპიურ სოფელში მუყაოს საწოლებს განათავსებენ. ასე მაგალითად, ოლიმპიური სოფლისთვის გათვალისწინებული საწოლი და თეთრეული გადამუშავებადი მასალისგან დამზადდება.
იაპონელთა ინოვაციური იდეების წყალობით, ფრაზა „კოლოფში ძილი“ ახალ არსს შეიძენს. ოლიმპიური სოფლის 18 ათასი სტუმრისთვის გათვალისწინებული საწოლები, ფაქტობრივად მუყაოს კოლოფებისგან დამზადდება.
სპეციალური ზემტკიცე ქაღალდის მასალა 200-კილოგრამიან დატვირთვას გაუძლებს, ხოლო სამსექციიანი მატრასი, რომელიც ასევე მეორადი ნედლეულისგან იქნება დამზადებული, ათლეტს შესაძლებლობას მისცემს მოირგოს საწოლი.
„ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად, მატრასები და საძინებლის თეთრეული თითქმის სრულად განახლებადი მასალისგან დამზადდება. ასპარეზობათა დასრულების შემდეგ საწოლებს ქაღალდის სხვადასხვა პროდუქციად გადაამუშავებენ, ხოლო მატრასებს პლასტიკურ ნაკეთობებად,“ – ნათქვამია ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებაში.