„სანმა” თქვა და კატალონიურმა „სპორტმა” გაიმეორა, რომ სავარაუდოდ, დანიელი ვარსკვლავი კრისტიან ერიკსენი იანვარში „რეალში” გადავა.

მოგეხსენებათ, ბოლოხანს ფორმიდან ამოვარდნილი ერიკსენის კონტრაქტი ჩრდილო ლონდონელებთან მიმდინარე სეზონის ბოლომდეა ძალაში.

ერიკსენს „რეალში” გადასვლა გასულ ზაფხულსაც შეეძლო, მაგრამ „თეთრების” მწვრთნელს ზინედინ ზიდანს „მანჩესტერ იუნაიტედიდან” თანამემამულის პოლ პოგბას გადაბირების იმედი ჰქონდა და დანიელის კონტრაქტი ამიტომ დაბრკოლდა.

ახლა მდგომარეობა შეიცვალა. „მანჩესტერ იუნაიტედმა” პოგბას ცხვირწინ კარი მჭიდროდ დაკეტა, ერიკსენი კი მისი საკონტრაქტო მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლოა საკმაოდ ხელსაყრელ ფასშიც კი გაიყიდოს.

27 წლის ერიკსენს „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” ახალი ხელშეკრულების გაფორმება არ უნდა. ეს მას თამაშზეც ეტყობა. მეტიც, არის ეჭვი, რომ ის ფეხებს უფრთხილდება, რათა ახალ გუნდში გადასვლის წინ ტრავმა არ მიიღოს.

ასეთი მოთამაშის ყოლას კი „დეზებისთვის” მისი გაყიდვა და ფულის შოვნა ჯობია.