ნავსი გატეხილია, თან ორმაგად. ნიკოლოზ ბასილაშვილმა როგორც იქნა ბენუა პერი დაამარცხა. გეუცნაურათ არა? რა თქმა უნდა ფრანგი მეჩოგნის მაღალ საშემსრულებლო ოსტატობაში ეჭვი არ შეგვაქვს, მაგრამ ჩვენებური ბოლო ხანს ისეთ სიმაღლეზე ავიდა, რომ პერიზე გაცილებით ძლიერ მოთამაშეებსაც არ უდებს ტოლს. ამის ფონზე ყურს ცუდად ხვდებოდა ის ფაქტი, რომ ფრანგს ქართველი მუდამ დაბრიყვებული ჰყავდა. მართალია, პერის ბასილაშვილთან იდეალური სტატისტიკა ჰქონდა – სამი მატჩი და სამი მოგება, მაგრამ მეტი ობიექტურობისთვის ისიც ვთქვათ, რომ იმ დროისთვის ნიკა მოწინავეთა რიგებში არ იმყოფებოდა და ასეულის ზღურბლზე ადი-ჩადიოდა.
პერიმ ბასილაშვილზე გამარჯვებები 2015 წელს მონპელიეში, ერთი წლის შემდეგ შენჟენში და შარშანწინ მეცის ტურნირებზე იზეიმა. ქართველმა კი ადრინდელი წყენებისთვის რევანში გაცილებით მასშტაბურ და პრესტიჟულ ტურნირზე – შანხაის მასტერსზე აიღო.
შანხაიში, ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ორი ეტაპის გადალახვა თითქოს მოჯადოებული წრესავით იყო. შარშან, მესამე ეტაპზე გასვლა ნიკას ალექსანდრე ზვერევმა არ დაანება, 2017 წელს სტარტზევე ხუან მარტინ დელ-პოტროსთან წააგო, რომელსაც მოგვიანებით პეკინის ტურნირის ფინალში დაამარცხა. ხოლო 2015 წელს ასევე პირველ წრეში ჟილ სიმონთან ვერაფერი გააწყო. ასე რომ, ბენუა პერისთან უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას ბასილაშვილმა კიდევ ერთი დაამატა, რასაც შანხაის მასტერსის 1/8 ფინალში გასვლა ჰქვია.
ბენუა პერისთან კი მატჩი 3 სეტიანი გამოდგა, რასაც ქომაგი ნიკამ ასევე მიაჩვია. ასე იყო რადუ ალბოტთანაც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მოლდოველთან ბასილაშვილმა სასტარტო სეტი წააგო. 30 წლის ფრანგთან კი ჩვენებურმა ჯერ 6:4 მოიგო, შემდეგ მოდუნებისთვის დაისაჯა და 1:6 წააგო, ხოლო მესამე გადამწყვეტ პარტიაში ბასილაშვილი შეუჩერებელი გახლდათ – 6:1
მესამე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი დომინიკ ტიმს და პაბლო კარენო-ბუსტას შორის გამარჯვებულს დაელოდება.