ხვლა, გორის მაზრაში, ჩვენი ფეხბურთის ისტორიის ერთი ხმაურიანი, ცოცხალი ფურცელი დაიწერება.
ასე თქვი, ისე თქვი, “დინამო” მოიგებს, თუ “დილა” შესძლებს ფინალში გასვლას, ფურცელი დაიწერება. “დილა” რომ თასის ფინალში გავიდეს, ეს ფურცელი უფრო ხმაურიანი და ფეთქებადი იქნება, უფრო ბევრი რამ დაიტევა ზედ, “დინამო” ივარგებს და ამბავი მაინც შედგება. თუმცა, მასში ჩვეულებრივობა მეტი იქნება.
აქეთ გორის ჯვარი, იქეთ გორის ციხე, შუაში კიდევ ფეხბურთი. თანაც ისეთი, რომ ჩვენს სინამდვილეში ისტორიას ქმნის. განა ბევრი ასეთი შეყრა ყოფილა?
გორელებმა პაიჭაძეზე დასცეს “დინამო”: თასის ხიბლი და სიკეთეც ხომ სწორედ ეს არის.
რთული თამაში იქნება.
აბა რომელია იოლი ჩვენს სინამდვილეში. შეიძლება უვარგისი იყო, ფეხბურთს არც კი ჰგავდეს, მაგარმ იოლი, არც ერთი არ არის. ახლა, იმის გამო არ ვამბობთ, გუნდი რომ გუნდს ქართველურად ასესხებს და მერე ის რომ ჩაასესხებს. ანდა, მსაჯი რომ წაიეშმაკებს ყველასთვის მისახვედრი ეშმაკობით.
ეს რომ გამოვაკლოთ (თუმცა, ეს არც ისე პატარა რამ გახლავთ) რთულია და ომიც მიმდინარეობს ხოლმე. მაგრამ ხვალ სრულიად განსაკუთრებული ომია.
ამ თამაშის გამო ლაპარაკი რომ იყო ფეხბურთზე დამწერ ხალხს შორის, შავი ფეხბურთი, ანუ ფეხბურთის უკან მდგომი ფეხბურთი სრულიად გამოირიცხა, ნაღდი ბრძოლა იქნებაო. ასე მითხრეს და მეც დავიჯერე. თუმცა ხშირად კი მიჭირს ასეთი რამეების დაჯერება.
მაგრამ ხვალინდელი გორული ჯახი აუცილებლად გაქაჩავს მოტივაციით.
პირველი ის, რომ გორის გუნდი თავის ისტორიაში უდიდესი მიღწევის პირას დგას და თავს დასდებს. მეორე კიდევ ის, რომ “დინამოში” თუმცაღა ხმაური იყო და ერთგვარი არეულობაც, მაგრამ თასის ფინალში თამაში ისეთივე წესია ამ გუნდისთვის, როგორც ჩემპიონობა. თანაც, აბა როგორ წარმოიდგენს უცვლელი ჩემპიონი თასის გათამაშების ნახევარფინალში დატოვებას?
“დინამო” – “დილას” თბილისურ თამაშში მსაჯობა კარგი იყო, გორშიც იგივ რეფერი იმსაჯებს. ესეც კიდევ ერთი მიზეზია, თამაში რომ კარგი და ვარგისი გამოვიდეს.
და რაც მთავარია, მთელი ქართლის გული იქ არ მოიყრის თავს?
ბოლო დროს, როგორც ვატყობ, მაყურებელი ფაქტორი ხდება. ეგებ ბევრიც ემდუროდეს ქუთაისელ ფანობას, პირის ამყრალების გამო, მაგრამ ფანობას ორი მხარე აქვს. ტრიბუნაზე მჯდომი მაყურებელი იმისთვისაა მაყურებელი, რომ ფეხბურთს აკონტროლებს. ფანის საქმე ისეა, რომ მისთვის ობიექტურობა და ეგეთი რამეები უცხოა. მაგრამ მოქალაქე მაყურებელს ორი რამ ევალება – თავისი გუნდის მხარდაჭერა და თამაშის სამართლიანად აღქმა.
ახლა არ ვიცი თბილისიდან ვინ დაიძრება და რა ოდენობითა, მაგრამ გორელები რომ იქ იქნებიან, ნაღდია.
ეს სეზონის უპირველესი თამაშია და ეს თამაში, ჯერაც არშემდგარი, გორის “დილამ” გვაჩუქა თავისი თბილისური გამარჯვებით.
სეზონი ისე ილეოდა, რომ ერთი დაშხოშიანი გაფრენა არ ყოფილა. დამთავრდებოდა და მოსაგონებლად ის დაგვრჩებოდა, ქუთაისელებმა რომ იღრიალეს მცხეთის სტადიონზე. მთელი სეზონიდან ეს ამბავი უნდა გაგვხსენებოდა და ისიც მინდვრისა კი არა, მის გარშემო მყოფი ხალხისა.
ახლა კი, ხვალინდელი თამაში გვაქვს.
გორიდან მომავალი ცნობებით, ქართვლის გულის ქომაგობა ფეხზე დგას. ზუსტად ასე მითხრეს, თბილისში რომ “ლივერპულის” მოლოდინი იყო, აი, ეგეთი ამბავიაო.
გვაქვს ეს თამაში და შევირგოთ.
განა ხშირად გამოვა ხოლმე? განა მდიდრები ვართ?
ერთი კი არის, რომა სეზონის ყველაზე დაძაბულ, ყველაზე ხმაურიან თამაშში “ფეირ ფლეის” სული უნდა ტრიალებდეს. “დინამოსაც” ბევრი აქვს საომარი და გორელებსაც. ორივე ბევრს კარგავს, ფინალის გარეშე და “ფეირ ფლეის” სული აქ თუ არ აზევდა, ვერც ვერაფერს დავივიწყებთ და ვერც ვერაფერს ვისწავლით.
და მოკლედ, ხვალა, გორის მაზრაში!
მთელში ქართველობა იქ იყრის თავსა, როგორც ძველ დროში.
25.04.1998
P.S. გორში თბილისის „დინამომ“ 3:1 იმარჯვა, ფინალში კი „ბათუმთან“ 120 წუთზე დავით ჭიჭვეიშვილის გატანილი „ოქროს გოლით“ დამარცხდა.