ცხრილში ყურებას თავი დაანებეთო, უთხრა პეპ გვარდიოლამ „ვულვერჰემპტონთან” შინ დამარცხებულ „მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელებს. ადამა ტრაორეს მიერ მე-80 და 94-ე წუთებზე გატანილმა ორმა გოლმა „მგლებს” ინგლისის ჩემპიონთან დამსახურებული გამარჯვება მოაპოვებინა, რისი წყალობითაც „ლივერპული” პრემიერლიგაში 8 ქულით ლიდერობს. ცნობისათვის: რაც პრემიერლიგა არსებობს, 8 ტურის შემდეგ ასეთი უპირატესობა არავის ჰქონია.

„მანჩესტერ სიტის” მწვრთნელმა თქვა: „ცუდი დღე იყო. წინა შეხვედრებში ფეხბურთელებთან სასაყვედურო არაფერი მქონდა, მაშინაც კი, „ნორვიჩმა” რომ მოგვიგო, მაგრამ ამჯერად უბრალოდ ცუდად ვითამაშეთ. ჩვენს დონეზე არ ვიყავით. კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ ნერვიულობას ავყვეით და დავმარცხდით. ხანდახან ხდება ასეთი რამ.

წინ დიდი გზაა გასავლელი. ჯერ ბევრი ქულა გათამაშდება. მე ის ვიცი.

მართალია, „ლივერპული” ქულებს არ კარგავს, მაგრამ ჯერ მხოლოდ ოქტომბერია. ჩემს ფეხბურთელებს კი კარგად ვიცნობ, ისინი კვლავაც შეუდარებელნი არიან.

ახლა ყველაფერს აჯობებს თუკი ცხრილზე არ ვიფიქრებთ. იწყება სანაკრებო პაუზა და ჩვენ შემდეგი თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ. სხვა გუნდზე მაშინ შეიძლება იფიქრო, როდესაც თამაშებს იგებ.

დღეს კარგად ორგანიზებულ გუნდთან დავმარცხდით. ისინი შესანიშნავად თამაშობდნენ ჰაერში, დარბოდნენ სწრაფად და კარგად იყენებდნენ კონტრშეტევებს”.