„მანჩესტერ იუნაიტედის” კრიზისი გრძელდება. ოლე გუნარ სულშერის გუნდმა ამჯერად ნიუკასლში წააგო 0:1. 72-ე წუთზე გოლი მეტი ლონგსტაფმა გაიტანა. „იუნაიტედი” ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში დარჩა გამარჯვების გარეშე. ამრიგად, 8 ტურის შემდეგ მანჩესტერელები მე-12 ადგილზე არიან. მათ მხოლოდ 9 ქულა აქვთ, მაშინ როდესაც ლიდერის „ლივერპულის” მონაგარი 24 ქულაა.

ახლა სანაკრებო თამაშები იწყება ანუ „იუნაიტედი” საქმეს 20 ოქტომბერს დაუბრუნდება, როდესაც „ოლდ ტრეფორდზე” ხსენებულ „ლივერპულს” უმასპინძლებს.

სულშერი ამბობს, რომ მერსისაიდელებთან შეხვედრამდე პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს, რათა გუნდმა ოთხეულში მოსახვედრად შეძლოს ბრძოლა.

„იმედგაცრუებულები ვართ, — თქვა მანჩესტერელთა მწვრთნელმა, — მართალია, ფეხბურთელები გვაკლდა, მაგრამ ამით თავის გამართლება არ შეიძლება. ბიჭებმა დაუზარლად იმუშავეს და ბევრი ირბინეს, მაგრამ საგოლე მომენტები ვერ შექმნეს. ფეხბურთში კი გოლის გასატანად მომენტების შექმნაა საჭირო. ჩვენ ერთსულოვნება და თანადგომა კი არა, სახიფათო მომენტები გვაკლდა.

საბედნიეროდ, ახლა სანაკრებო შესვენებაა და საშუალება გვეძლევა გამოვასწოროთ ის, რაც ამ რვა თამაშში დავაკელით. დავშოშმინდებით. იმედი მაქვს, რომ დაშავებულებიც დაგვიბრუნდებიან.

პასუხისმგებლობა ჩემზეა. მე უნდა ავუხსნა ფეხბურთელებს რა და როგორ. ახალგაზრდებს საკუთარი თავის რწმენა აკლიათ. მათ გამოცდილი მოთამაშეებისა და მწვრთნელებისგან დახმარება სჭირდებათ.

ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი სჭირდებათ. თუ შედეგს ვერ მოიმკიან, ეს მათზე უარყოფითად იმოქმედებს”.

„მანჩესტერ იუნაიტედი” ნიუკასლში ბურთს მასპინძლებზე მეტად ფლობდა (69%) ანუ, თითქოს თამაშს აკონტროლებდა, მაგრამ კარში მხოლოდ სამჯერ დაარტყა.