ტურის და შესაძლოა, სეზონის უმთავრესი მატჩი ისეთი ვერ გამოვიდა, როგორსაც ველოდით და აქ ფეხბურთელები არაფერ შუაში არიან. ბათუმში ისე კოკისპირულად წვიმდა, ადამიანები ერთმანეთს ძლივს არჩევდნენ. ანგისას მინდორი დამძიმდა, დაიტბორა და ასეთ ვითარებაში თამაშისას მოგეხსენებათ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. საგანგებოდ რუმინელი მსაჯებიც ხომ ჩამოიყვანეს – შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო პრინციპით.

მარსელ ბირსანს ცუდად არ უმსაჯია. შეხვედრის ბოლოს გახშირებულ პატარ-პატარა ძიძგილაობებსაც თავდაჯერებით გაუმკლავდა.
რაც შეეხება საკუთრივ თამაშს, ბათუმელებს მთელი მატჩის განმავლობაში ჰქონდათ უპირატესობა. ანგარშიც გახსნეს, მაგრამ მონაგარი ვერ შეინარჩუნეს. 83-ე წუთზე, შეცვლაზე რამდენიმე წუთის შესულმა ლევან მჭედლიძემ გაათანაბრა. ისეთი გოლი გაიტანა, „იტალიური სკოლა“ რომ ჰქვია. წამით დაასწრო მეტოქეს და ძვირფასი თამაში გადაურჩინა „დინამოს.“ ეს მჭედლიძის პირველი გოლი გახლდათ ეროვნულ ჩემპიონატებში.
ახლა, ბათუმელები, „დინამოსთან“ ურთიერთშეხვედრებში არსებული უკეთესი შედეგის გამო დგანან პირველ ადგილზე და თუ ამათ ტურნირი თანაბარი ქულებით დაამთავრეს, ჩემპიონი ბათუმი გახდება. და მაინც, ზღვისპირელთათვის მაინც მეტად დასანანი უნდა იყოს ეს ფრე, რადგან დარჩენილ ექვს ტურში, ერთი წაგების უფლება კიდევ დარჩებოდათ.
ასეა თუ ისე, ჩემპიონატის ფინიში ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს და ყოველ ტურში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება.
ერთია კიდევ, „საბურთალომ“ „რუსთავს“ სტუმრად დიდი ანგარიშით მოუგო და ახლა ლიდერებს 5 ქულით ჩამორჩება. ასე რომ, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის ჩამოწერა ჯერ ნაადრევია. საბურთალოელმა გიორგი კოხრეიძემ კი ისეთი სილამაზის გოლი გაიტანა, ეროვნული ჩემპიონატების ანთოლოგიაში აუცილებლად რომ მოხვდება.
სიონი 0:4 დილა
0:1, 0:2 კუცია (47, 64), 0:3, 0:4 ფორტესი (66 პენ, 79)
ლოკომოტივი 2:0 ტორპედო
1:0, 2:0 კირკიტაძე (40, 54)
ჩიხურა 2:1 ვიტ ჯორჯია
1:0 კორიფაძე (2, პენ), 1:1 მუსელიანი (70 პენ), 2:1 კორიფაძე (89 პენ)
რუსთავი – საბურთალო 0:3
0:1 როლოვიჩი (26), 0:2 კოხრეიძე (49), 0:3 გაბედავა (61)
გაძევება: ტერა (საბურთალო, 84)
ბათუმი – დინამო 1:1
1:0 ფლამარიონი (56 პენ), 1:1 მჭედლიძე (83)
სატურნირო მდგომარეობა
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
დინამო | 8 | 6 | 1 | 1 | 15:6 | 19 |
ბათუმი | 8 | 5 | 3 | 0 | 10:3 | 18 |
დილა | 8 | 4 | 2 | 2 | 9:5 | 14 |
ლოკომოტივი | 8 | 4 | 2 | 2 | 15:13 | 14 |
საბურთალო | 8 | 2 | 5 | 1 | 9:7 | 11 |
შუქურა | 8 | 2 | 3 | 3 | 7:8 | 9 |
სამგურალი | 8 | 1 | 3 | 4 | 5:10 | 6 |
თელავი | 8 | 1 | 3 | 4 | 6:12 | 6 |
ტორპედო | 8 | 0 | 5 | 3 | 4:9 | 5 |
სამტრედია | 8 | 1 | 1 | 6 | 5:12 | 4 |
19 ოქტომბერი: ტორპედო – საბურთალო, დინამო – ლოკომოტივი
20 ოქტომბერი: ჩიხურა – რუსთავი, ვიტ ჯორჯია – სიონი, დილა – ბათუმი
მეგოლეები: ლევან კუტალია (დინამო) – 17, ფლამარიონი (ბათუმი), – 16, ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო/მეზოკოვეშდი უნგრეთი) – 13, ლევან შენგელია (დინამო/ქონიასფორი თურქეთი) – 12