ფედე ვალვერდე

ედენ აზარს „რეალში” გვალვა დაუმთავრდა — შაბათს, „გრანადასთან” შეხვედრაში ბელგიელმა, რომელიც ახალ გუნდში აქამდე უსახური იყო, საუცხოო გოლი გაიტანა. მან მეტოქის საჯარიმოში, დიდ სისწრაფეზე, მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი. ამ ეპიზოდში აზარს ორი მცველი კვალში ედგა, ჩრდილად ჰყავდა ადევნებული. საგოლე პასი 21 წლის ურუგვაელმა ფედე ვალვერდემ მიაწოდა. მატჩის ბოლოს ვალვერდე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

მაშ ასე, ფეხბურთელმა, რომელიც „რეალს” 100 მილიონი ევრო დაუჯდა (თუმცა ხელშეკრულების მიხედვით, მთელი რიგი მიზეზების გამო ეს თანხა თანდათანობით 146 მილიონამდეც შეიძლება გაიზარდოს), 5 უგოლო თამაშის შემდეგ საწადელს მიაღწია.

მოგეხსენებათ, „ჩელსის” ყოფილ ვარსკვლავს ორთავა კუნთის ტრავმამ მადრიდში პირველი სამი თამაში გააცდენინა. მოედანზე დაბრუნებული ბელგიელი ჩვეული ფორმიდან შორს იყო, მაგრამ „გრანადასთან” თითქოს ნავსი გაწყდა.

შეხვედრაში ანგარიში ქარიმ ბენზემამ გახსნა. ეს მეორე წუთზევე მოხდა. მას ლამაზი საგოლე პასი გარეთ ბეილმა მიაწოდა. მესამე გოლი შორეული, ეფექტური დარტყმით ლუკა მოდრიჩმა შეაგდო, მაგრამ სტუმრები არ დანებდნენ და 3:0 დაწინაურებულ მადრიდელებს ორით უპასუხეს. მასპინძლების სასიხარულოდ, შეხვედრის მიწურულს ხამეს როდრიგესმა მეოთხე გაიტანა.

საუკეთესო მოთამაშედ კი, როგორც გითხარით ვალვერდე დაასახელეს, რომელმაც აზარის გარდა, მოდრიჩსაც გაუწია ასისტენტობა. მატჩის შემდეგ ზინედინ ზიდანმა თქვა:

„მისი წარმატება მახარებს. ფედე ძალიან კარგი ფეხბურთელია და ამას დღენიადაგ ამტკიცებს. თან, იზრდება. ის თანამედროვე სტილის მოთამაშეა, რომელიც სულ წინ მიიწევს და ბურთს ითხოვს. დღეს მან ორ გოლში მიიღო მონაწილეობა”.

თავად ვალვერდემ კი თქვა: „დღეს ჩემი მოწადინება და თავდადება დაფასდა. ჩვეულებრივ, სანამ ფეხები უძლებენ, დავრბივარ. „გრანადასთან” კარგად ვითამაშეთ. მწვრთნელი მენდო და ახლა თავს მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობ”.

8 ტურის შემდეგ „რეალი” ლა ლიგის ცხრილში 18 ქულით პირველ ადგილზეა.