პროგრამა მინიმუმი შესრულებულია. ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაიში დაწყებული მასტერსის მეორე წრეშია.
რა თქმა უნდა, ჩვენებური მეჩოგნისგან ქართველი ქომაგი გაცილებით მეტს ელის, ვიდრე თუნდაც მასტერსის სერიის ტურნირებზე ერთი წრის გადალახვაა, რაც უამრავი ჩოგბურთელისთვის მიუწვდომელ მიზნად რჩება. ნიკოლოზ ბასილაშვილმა კი უკვე საკმაო ხანია იმ დონეს უწია, რომ მასთან იოლ გასეირნებას ვეღარავინ დაგეგმავს. ჩოგბურთში გათვითცნობიერებულ ქომაგს, ალბათ, ახსნა არ სჭირდება, რომ წელიწადზე მეტხანს ტოპ ოცეულში ყოფნა სახუმარო საქმე ნამდვილად არ გახლავთ. ვიმედოვნოთ, რომ ბასილაშვილი, პეკინის ტურნირზე დაკარგულს, სადაც წლეულს დომინიკ ტიმმა იმარჯვა, სეზონის ბოლომდე დარჩენილ სხვა მნიშვნელოვან შეჯიბრებებზე აინაზღაურებს და ოცეულს კვლავ დაუბრუნდება. ერთ-ერთი ასეთთაგანი კი უცილობლად შანხაის მასტერსია, რომელიც ქართველმა ჩოგბურთელმა გამარჯვებით დაიწყო.
პროგრამა მინიმუმი ვახსენეთ, რადგანაც შარშან ამავე მასტერსის მეორე ეტაპზე გასვლისთვის დარიცხული ქულები იყო დასაცავი, რისთვისაც სასტარტო მატჩის მოგებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ნიკას რეიტინგში საგრძნობი თუ არა, რამდენიმე პოზიციით მაინც დაქვეითება ემუქრებოდა. ახლა კი, თუ ბასილაშვილი მეორე წრესაც გადალახავს, რაც სავსებით რეალურია რეიტინგში ქულები პირიქით მოემატება და ვინძლო ოცულის კარს შანხაიშივე მიუკაკუნოს.
პირველ წრეში ბასილაშვილს მეტოქედ რადუ ალბოტი ჰყავდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მოლდოველი კოლეგა აქამდე სადაც დაიჭირა, ყველგან თავბედი აწყევლინა და ღმერთი რაღა ახლა უნდა გაწყრომოდა. ნიკამაც, მართალია 3 სეტში – მაგრამ ალბოტს კარიერაში მეოთხედ მოუგო. 4:6, 6:1, 6:3 – ასეთი გახლდათ მატჩის საბოლოო ანგარიში.
ნიკოლოზ ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ფრანგ ბენუა პერსა და იტალიელ მარკო ჩეკინატოს შორის უკეთესი იქნება.