
2019 წლის საჩოგბურთო სეზონი თითქმის ფინიშის სწორზეა. ოთხივე დიდი სლემის და სხვა მსხვილი ტურნირები უკვე მოლეულია, თუმცა წინ კიდევ რამდენიმე სერიოზული რანგის შეჯიბრია, რომელთაგან ერთ-ერთი უსათუოდ შანხაის მასტერსია, რომლის საპრიზო ფონდიც 8 მილიონ დოლარს აჭარბებს.
შანხაიში იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილიც, რომელმაც სამწუხაროდ პეკინის უპრესტიჟულეს ტურნირზე შარშანდელი ტრიუმფი ვეღარ გაიმეორა და მას მეორე წრეში სტეფანოს ციციპასთან წაგებით დაემშვიდობა. ჩვენებური მეჩოგნე რეიტინგშიც საგრძნობად დაქვეითდა და ოცეულს მიღმა აღმოჩნდა. ბასილაშვილი, შანხაის მასტერსს მსოფლიოს 26-ე ჩოგნის სტატუსით ხვდება და მისი პირველი მეტოქეც რადუ ალბოტი იქნება. ქართველი და მოლდოველი ჩოგბურთელები ტურში საკმაოდ ძველი და კარგი მეგობრები კი არიან, მაგრამ კორტზე ნიკა მას არ ახარებს. ალბოტი, ბასილაშვილის პირისპირ სხვადასხვა შეჯიბრებებზე 3-ჯერ დამდგარა და კორტი გამარჯვებულს ყოველთვის ქართველს დაუტოვებია. იმედია, ეს ტენდენცია შანხაის მასტერსზეც გაგრძელდება და ბასილაშვილი მოლდოველ მეჩოგნეს, რომელიც რეიტინგის 45-ე ნომერია კვლავ დაამწუხრებს. მეორე წრეში კი დიდი ალბათობით ფრანგი ბენუა პერის ბარიერი იქნება, შემდეგ კი დომინიკ ტიმია.
ყველაფერთან ერთად, რადუ ალბოტის დამარცხება იმადაც არის საჭირო, რომ ქულებიც დასაცავია. შარშანდელ შანხაის მასტერსს ბასილაშვილი სწორედ მეორე წრიდან გამოეთიშა, როდესაც დენის შაპოვალოვის ძლევის შემდეგ, ალექსანდრე ზვერევს დაეჩაგვრინა.
ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ შანხაის მასტერსის შარშანდელი ჩემპიონი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია, ტურნირზე იქნება როჯერ ფედერერიც, აი, რაფაელ ნადალის ქომაგებს კი არ გაუმართლათ. გრუნტის მეფემ ამჯერად შანხაიში თამაში იუარა.
ბასილაშვილის და ალბოტის დაპირისპირება 7 ოქტომბერს თბილისის დროით 08:00 საათზე არის ჩანიშნული.