
ოლე გუნარ სულშერს უნდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებმა დიდების წლები დაივიწყონ და აღიარონ, რომ მათი გუნდი ის აღარ არის, რაც იყო. ოთხივე მწვრთნელს, რომლებიც „ოლდ ტრეფორდზე” სერ ალექს ფერგიუსონის შემდეგ მივიდნენ, მხრებზე „იუნაიტედის” ბრწყინვალე წარსულის სიმძიმე აწვა.
დღეს, „მანჩესტერ იუნაიტედი” ცხრილის შუაშია და უჭირს დაამტკიცოს, რომ ის გუნდია, რომელიც ზედა ოთხეულისთვის იბრძოლებს.
სულშერმა თქვა: „ჩვენ 90-იან წლებში აღარ ვართ. ფეხბურთელების ჯგუფი, რომლისგანაც ახალი გუნდი აშენებას ვცდილობთ, სხვა ეპოქიდანაა. ახლა ყველაფერი განსხვავებულია”.
და ნორვეგიელი დასძენს, რომ ისეთი მოთამაშეებისგან, როგორიც 18 წლის მეისონ გრინვუდია, მომავლის გუნდს აკეთებს.
„კარგად ვიცი, რომ გზად აღმასვლაც გველის და დაცემაც, მაგრამ მწამს, ამ ბიჭების აყვავების ხანას მოვესწრები. თითზე ჩამოსათვლელია ჩვენი კალიბრის კლუბები, რომლებიც ბედავენ და ჩვენსავით ახალგაზრდა მოთამაშეებს ეყრდნობიან. ბიჭები მზად არიან დიდ ასპარეზზე გასასვლელად, მე კი მჯერა, რომ მათგან წარმატებული გუნდი შეიქმნება”, — თქვა „იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა, რომელსაც ფეხბურთელობისას უშეცდომო საგოლე დარტყმის გამო ბავშვისსახიან მკვლელს ეძახდნენ.
„მანჩესტერ იუნაიტედს” სტუმრად მარტის შემდეგ არ მოუგია. მარტში კი გუნდმა „პარკ დე პრენსზე” „პარი სენ ჟერმენს” აჯობა 3:1. მწვრთნელს უნდა, რომ სტუმრად ათთამაშიანი უიღბლო ციკლი ბოლოს და ბოლოს დაასრულოს.
სულშერი: „ვგრძნობ, რომ ნავსი მალე გაწყდება მაგრამ დღეს ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. სანამ მართლა მოგებას არ დავიწყებ, ჟურნალისტები პრობლემებზე და კითხვების დასმას არ შეწყვეტენ. აი, მაგალითად, თუ ამ ტურში ნიუკასლში ვერ მოვიგებთ, კითხვებს კვირასვე მომაყრიან”.
მიმდინარე სეზონში ჩატარებული შვიდი შეხვედრიდან „მანჩესტერ იუნაიტედმა” მხოლოდ ორი მოიგო, თუმცა სულშერს სწამს, რომ არცთუ სახარბიელო სტატისტიკის მიუხედავად, მისი გუნდი პროგრესის გზაზე დგას.
„ხშირად, როდესაც სტადიონიდან ვბრუნდებით, ჩემთვის ვფიქრობ, რომ ცუდად არ გვითამაშია, თუმცა, ხანდახან სასურველსა და რეალობას შორის სხვაობაა. ასეთ რამეზე მართლა დამიჭრია თავი, მაგრამ იშვიათად” — იმედიანად დაასრულა სულშერმა.