ყველაფერი ბილ იეზიმ გვიამბო, ბილი ფილადელფიელია და იმ იშვიათ ამერიკელთა გუნდის წევრია, ჰავანა რომ ვერაფრით დაივიწყეს. ჩვენ შორის ატეხილი დავის მიუხედავად, მან ბოლო ოცდაათ წელიწადში ოთხჯერ მოახერხა კუბაზე ჩასვლა და იქედან შთაბეჭდილებებით სავსე რვეულები, ჯერაც გაუმჟავნებელი ფოტოფირები და „კინტეროს“ სიგარები, ნამდვილი კუბური სიგარების კოლოფები ჩამოიტანა.

ბილისთვის არასოდეს მიკითხავს, რამ შეაყვარა ასე ჰავანა და კუბელები. მასში რომ რევოლუციური და მარქსისტული არაფერი იყო, ისედაც ვიცოდი. ვამბობდი, ბოლოსდაბოლოს, უცხო ქვეყნებში ხეტიალი, ჟურნალისტის მოვალეობაა-მეთქი. მაგრამ ბილი ხომ თავისუფალი საკრივო ჟურნალისტია და საწერი ამერიკაშიც იმდენი გამოუჩნდებოდა, რომ ერთი კაცი ვერც კი აუვა.

ამიტომ, აქ კუბასა და იქაურ კრივზე უფრო უნდა ვიფიქროთ, ვიდრე მაინცდამაინც ჰავანის ვერდავიწყებასა და სიყვარულზე. ბილ იეზის არ უყვარს და დიდად არც ეხერხება თავისი მისწრაფებების მიზეზების გამო ლაპარაკი, მას უფრო ამბების თხრობა მოსწონს და სწორედ ამ დროს გაიყიდება ხოლმე – მისი სიყვარული კუბური კრივია, ძველი და მადლიანი სანახაობა.

ჩვენთან, ამერიკაში დიახაც გვხვდებიან კუბური წარმოშობის მოკრივენი, თავიანთ მიწას მარქსიზმის, ან სხვა მიზეზის გამო მოწყვეტილი მებრძოლები, რომლებსაც სწორედ რომ განთქმული კუბური სტილით გამოარჩევთ.

თავად კუბაზე კი პროფესიონალები არ არსებობენ. რაც ფიდელ კასტრომ საჭე სიწითლეზე დაიჭირა, აქ ყველაფერში საბჭოთა სისტემა გამეფდა. კრივი მხოლოდ სამოყვარულო შეიქნა, მაგრამ დიდმა კრივმა კასტროს ქვეყანაში თავი ვერ დამალა, სამრაუნდიან ბრძოლებში კუბელები უძლიერესებად იქცნენ მსოფლიოში.

მე კი ისევ ბილ იეზის მოგზაურობას დავუბრუნდები. ამ ჯერზე ბილმა ლეგენდა მოინახულა და ეს საქმე ორმოცდაათ დოლარად და ერთ ბოთლ რომად მოახერხა. ორმოცდაათ დოლარად, სერ! ორმოცდაათ დოლარად ტაქსი არ გაგატარებს ბროდვეის ერთი ბოლოდან მეორესკენ. ლეგენდა ნამდვილი მარქსისტია, ფიდელ კასტროს ხოტბას ასხამს და ალალად ამბობს, ჩვენი ქვეყნის წყობილება საუკეთესოა მსოფლიოშიო.

მაგრამ ის ლეგენდაა და კრივის ისტორიის ერთ-ერთი ვარსკვლავი. მოყვარული, რომელიც დიდ პროფესიონალთა შორისაც დადგება. თეოფილო სტივენსონი, კუბის უპოპულარულესი კაცი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რომელსაც 70-იან და 80-იან წლებში მილიონებს აღუთქვამდნენ, ოღონდ კი ყურე გადმოეცურა და პროფესიონალი მძიმეწონოსანი გამხდარიყო.

უარობდა, მეო, მოყვარული ვარო, ჯარის ოფიცერიო, პროფესიული სპორტი იმპერიალისტების მოგონილიაო.

მერე სთავაზობდნენ, არ გვინდა შენი პროფესიონალობა, ერთს რომელსამე ბრძოლაში შეხვდი მუჰამედ ალის, რომელიმე სპინქსს, ან ლარი ჰოლმსსო. თეოფილოს ძალიან დიდ ფულს სთავაზობდნენ, ის კი მარქსზე, სოციალისტურ დემოკრატიასა და ფიდელზე ლაპარაკობდა, თუმცა ბრძოლაზე უარი არ უთქვამს.

ბილ იეზი რომ ინტერვიუზე შეუთანხმდა, სტივენსონმა შინ მიიწვია, შენივე წამოღებული რომი დავლიოთ და ასე ვიჭუკჭუკოთო. მერე, საუბრისას ხშირად უმეორებდა, ერთი და იგვიეს ორჯერ ნუ მეკითხები, მთვრალი კი არა ვარო.

იეზის უამრავი შეკითხვა დაგროვებოდა და რომის კუბურ წესზე მსმელი შემთვრალიყო კიდეც. თუმცაო, ასე გვიამბობდა, ორჯერ არაფერი მიკითხავს, უბრალოდ, ბევრს ვეკითხებოდი და თვითონ აებნა თავგზაო.

თეოფილო ცოლთან, ფრეიმარისთან ერთად უჯდა მაგიდას.

კუბელები ლამაზი და ეშხიანი ხალხია.

თეოფილო უკვე ორმოცდაექვსი წლისა მოყრილა, მაგრამ  სპორტული იერი შენარჩუნებული აქვს, ვის გავს და ჯანმრთელ მუჰამედ ალის, ბილმა თქვა, უკეთესს ვერავის შეადარებ და არც არის საჭიროო.

ბილი ეკითხებოდა: როდის გახდებიან კუბელები პროფესიონალები? რას იტყვის „თავისუფლების გუნდზე“, ანუ იმ თერთმეტ მოკრივეზე, ამერიკაში რომ გაიქცნენ? მოერეოდა ევანდერ ჰოლიფილდს? ტაისონს? რას იტყვის ემბარგოზე, კუბის ბლოკადაზე?

ამგვარ კითხვებზე პასუხი გაუჭირდებოდა კაცს, რომელსაც ღატაკი ქვეყნის მოქალაქის პირობაზე კარგი სამსახური, საუცხოო ბინა და მანქანა აქვს, მთელს მსოფლიოში მოგზაურობს და ოჯახსაც შეჰხარის. თუმცა, ის პასუხობდა, რევოლუციაში ჩაბმული კაცის სიტყვებით, ყოველივე რაც ცუდია, კაპიტალიზმისგან მოდისო.

თეოფილო ფიდელ კასტროს საყვარელი სპორტსმენია, ხოლო ფიდელ კასტრო, თეოფილოს საყვარელი კომანდანტე. ამ გაზაფხულზე ერთ-ერთ ტელეინტერვიუში უკითხიათ, თეო, რა მარჯვენა გაქვს ისეთი, რომ ოც წელიწადს მოდუნების არაფერი შეტყობიაო. სტივენსონს ფილოსოფიურად მოუგია, ამ მარჯვენას მოქანცვის უფლება არც ახლა აქვს, რადგან რევოლუციის მონაპოვარს და მის მეთაურს იცავსო.

აბა, ასეთ კაცთან რამდენ ხანს უნდა ილაპარაკო? დიდხანს ვერც გაჩერდები, მაგრამ როცა საქმე კრივს მიადგება, გათენებაც კი მოგიწევს.

სიფრთხილე ასეთი სახელგანთქმული კაცისთვის არ არის უცხო. რევოლუციური მარჯვენა იქეთ იყოს და ზედმეტი ლუკმა ადამიანს არ დაახრჩობს. ბილი ახალმისული იყო ინტერვიუზე, სტივენსონმა რომ უთხრა, გასამრჯელო ახლავე მომეციო. გვარიანად უვაჭრიათ, დიდ ჩემპიონს ასსამოცდათხუთმეტი დოლარი მოუთხოვია, მაგრამ მალევე ჩამოსულა ორმოცდაათზე, ბილს მხოლოდ ასდოლარიანები ჰქონია და თეოს თავად დაუხურდავებია. მაგრამ ეს საუბრის ბოლოს იყო, როცა ბილი უკვე სადარბაზოს კართან იდგა და ჰონორარის შენარჩუნებას აპირებდა.

თან, თურმე სულ იმეორებდა, ფული ჩემთვის ბევრს არაფერს ნიშნავს, მე ხალხიდან გამოსული კაცი ვარო.

ისეო, ბილი ამბობდა, მის სახლში ყველაფერი სადა და უბრალო იყოო. თავადაც სადად, სპორტულად იყო ჩაცმული და ოქრო არსად უბჭყვინავდა. ჩვენს გონებაში აღბეჭდილი კუბელები ოქროს სამაჯურებით, ყელსაბამებით და ბეჭდებით გამოირჩევიან. თეოფილოს სამკაულები არა აქვს, მას ვაჟკაცობის და კაი ბიჭობის სხვაგვარი საზომი უპოვნია.

„მე არა ვარ ვიღაც ხუთდოლარიანი ჯეელი“, ასე უთქვამს ბილისთვის, „მე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვარ“.

ჰო, მართლა, კრივზე  ლაპარაკის დროს მოსულაო, უფიქრია ბილს, მაგრამ თეოფილო ჩვეულებრივად, უინტერესოდ ჰყვებოდა.

ინგლისური ჩინებულად იცის, მაგრამ „დავარტყი-წაიქცას“ და „კომანდანტეს“ მეტს არაფერს ამბობს.

იეზის უფიქრია, უფიქრია, ეს კაცი როგორ გავახალისოო და გამოსავალი სტივენსონი სახლის კედლებზე უპოვნია, ორთაბრძოლების ფოტოები, კოხტა ჩარჩოებშია ჩასმული. ფოტოები ბევრი არ ყოფილა, მაგრამ, რაც გამოუფენია, სულ ამერიკელებთან შერკინების ამსახველი.

სასადილო ოთახში მონრეალის ოლიმპიადის დროინდელი ფოტო ჰკიდია. სტივენსონი ჯონ ტეიტს ეკრივება. იმ წელიწადს თეოფილომ მეორედ მოიგო ოლიმპიური ოქრო – ფინალში რუმინელი მირჩა სიმონი დააბურთავა.

„ფინალის ფოტო რატომ არ ჩამოკიდე?“

„ეს უფრო დამამახსოვრდა“, – მოკლედ უპასუხია.

„მეოთხედ გახდებოდი ოლიმპიური ჩემპიონი“?

გასაგები მიზეზის გამო თეოფილო ლოს ანხჯელესის ოლიმპიადაზე ვერ ჩამოვიდოდა. მაშინ წითელი ბოიკოტის დრო იყო.

„ჩვენ არ გვინდოდა იმპერიალისტურ ოლიმპიადაში მონაწილეობა“.

მერე ფოტოებზე ულაპარაკიათ და ეს რომ არ ყოფილიყო, იეზი დიდად იმედგაცრუებული დარჩებოდა, უთხოვია, ფოტოები მაჩვენეო. ფოტოები იმდენი იყო, რომ იატაკზე გააფინეს. სამზარეულოში, ჰოლში, სასადილო ოთახში, იატაკი აღარ ჩანდა, თეოფილო, ბილი და პატარა დევიდი (თეოფილოს ვაჟი) დახოხავდნენ და თეოფილო ლაპარაკობდა. ისტორიები ფოტოებს ახლდა.

აგერ ელიო მენენდესი, სამოცდაათს მიტანებული განთქმული საკრივო მწერალი (რა და სპორტული ჟურნალისტიკის მაღალი დონე კუბაში შენარჩუნებულია). აი, კიდევ. ვალდო სანტიაგო, კუბის კრივის ფედერაციის პრეზიდენტი, კუბური სამოყვარულო კრივის სასწაულის შემოქმედი. აგერაც – ყველაზე უცნაური ამ კომპანიაში მუჰამედ ალის გამოჩენა იყო. ამერიკული ჟურნალის ყდიდან ამოჭრილი ფოტო.

ამერიკული საკრივო ჟურნალები მაგიდაზე დაუნახია ბილის, მაგრამ ეს ახალი ჟურნალები იყო, ალის ფოტო კი – ძველი. ბილს მალევე გაურკვევია კომანდანტეს სამოთხეში მცხოვრები კაცი. თან ასეთი შარავანდედით მოსილი, პირდაპირ არასოდეს გეტყვის სათქმელს, ალი, რა თქმა უნდა, მისი კერპი იყო, მაგრამ თეოფილო ხმადაბლა ამბობს მხოლოდ იმას, რომ მისი აზრით, ალი საუკეთესო მოკრივეა პროფესიონალებს შორის. „პროფესიონალი“ და „მოყვარული“ – ამ სიტყვებს თეოფილო სტივენსონი ხშიარდ წარმოთქვამს. ცნებების „იმათისა“ და „ჩვენისა“ გამიჯნვა, ამერიკელთან მოლაპარაკე კუბელის ერთ-ერთი ავადმყოფობაა.

ალი… ის ნამდვილი კერპი იყო. თეოფილოს კი ის ამბები გაუხსენებია, ალისთან მის შერკინებაზე რომ ამტყდარა ლაპარაკი. მოლაპარაკებები ლამის ათ წელიწადს მიმდინარეობდა. კუბელი პროფესიონალი ვერ გახდებოდა. კრივის მსოფლიო ფედერაცია კი შეუვალი იყო – თუ ერთხელ მაინც მოყვარული მოკრივე პროფესიონალ მოკრივეს შეხვდება, სამოყვარულო რინგზე აღარ დაიშვება.

ამით კომანდანტეს გმირი კვდებოდა, არავინ მიაქცია ყურადღება იმას, რომ ალის სამ მილიონ დოლარს სთავაზობდნენ, სტივენსონს მილიონნახევარს, თეოფილომ იმთავითვე გამოაცხადა – ფული კუბას მოხმარდებაო, მაგრამ ბრძოლა ეგრეც არ გამოვიდა.

დაამარცხებდა ალის?

თეოფილო დღესაც ვერ უპასუხებს ამ კითხვას.

„ალი ძალიან დიდი მოკრივე იყო“ – აი, მისი პასუხი.

თუმცა ჰავანაში სხვა პასუხსაც გაიგონებდი და ეს პასუხი ზღაპარი არ არის. 1978 წლის სექტემბერში ალი უკანასკნელად გახდა ჩემპიონი და სრულ ორ კვირაში უკანასკნელად გამოცოცხლდა მისი და სტივენსონის შეყრის ამბავი.

ერთგვარად, ეს იდეოლოგიური ამბავი იყო. ამერიკულმა მედიამ ხმაური ატეხა, ორი სამყაროს ლომები უნდა შეერკინონო, ყველას ეგონა, რომ თეოფილო უარს იტყოდა, მაგრამ კომანდანტემ სხვაგვარად განსაჯა და პრინციპში სტივენსონიც თანხმა იყო. მერე ემისრებმა ალის დანაბარები ჩამოუტანეს თეოფილოს, ფული ჩემი და უარი შენიო. ესე იგი, უნდოდათ, რომ სტივენსონს უარი ეთქვა. მთავარი ამ ბოლო ცდაში სწორედ ეს იყო. მაგრამ თეოფილოს არ აინტერესებად ფული, მით უმეტეს ქრთამი.

ელიო მენენდესი, კრივზე წერას რომ ორმოცდახუთი წელიწადი შეალია, დარწმუნებით გეტყვით, რომ სტივენსონი აუცილებლად დაამარცხებდა ალის თხუთმეტრაუნდიან ბრძოლაში. თეოფილო მაშინ ძალიან მაგარი იყო, შეიძლება ვთქვათ, რომ საუკეთესო თეოფილო იყო. ორ წელიწადში თავისი მესამე ოქრო მოიგო მოსკოვის ოლიმპიადის ფინალში რუსი პეტრე ზაევი ულაპარაკოდ დაჯაბნა. კიდევ ერთი ოლიმპიური „მედალა ორო“ უკანასკნელი გამოდგა გოლიათისთვის.

კუბასაც აქვს სათქმელი.

ყველაფერი ბილ იეზიმ გვიამბო, მაგრამ მე მაინც ვერ გავიგე, რა კაცია ეს თეოფილო სტივენსორი? ნუ თუ მართლა ასე სჯერა თავისი ქვეყნის სავალი გზის? ნუ თუ ფიქრობს, რომ კომანდანტე საუკეთესო ადამიანია მსოფლიოში?

ბილიც ამას ამბობდა. დღეს, თეოფილოსგან მეტს ვერაფერს გაიგებ. ის იმ ქვეყნის ერთ-ერთი სიმბოლოა, ჯიუტად რომ ადგას თავის გზას. ამ ქვეყანას სულ რამდენიმე სიმბოლო ჰყავს. მოჭადრაკე ხოსე რაულ კაპაბლანკა, ამერიკელი მწერალი ერნესტ ჰემინგუეი, კომანდანტე ფიდელი და მოკრივე თეოფილო სტივენსონი. ჰავანა ზღაპრული ქალაქია, იდგა, დგას და იდგება. იქნება კი იმ ჰავანაში, რომელიც ახალ საუკუნეში გააგრძელებს ცხოვრებაას, თეოფილოს ადგილი?

მას მშვენიერი ოჯახის აქვს. ერთი უბრალო კაცია. გადახუხვა უყვარს და ძალიან ფრთხილად ლაპარაკობს. ეგებ სულაც არ ლაპარაკობს ფრთხილად და მართლაც ჰგონია, რომ რევოლუციის სადარაჯოზე დგას?

სიგარები კი მარალაც საუცხოო იყო.

ბილი მეუბნებოდა, რომ ფულის გადახდა არ უნდოდა. თითქოს განგებ მიდიოდა ისე, რომ გასამჯელო დავიწყებოდა. ეუხერხეულებოდა, თუნდაც ათასი დოლარის გადახდა გამიჭირდებოდაო. აქ კი, ორმოცდაათი, ის ასსამოცდათხუთმეტიც იმიტომ ვიუარე, რომ მეუხერხულებოდაო. თეოფილო სტივენსონი ძალიან დიდი მოკრივე იყო. ის ჩარჩოში მოაქციეს. თავადაც დაეთანხმა ამას. უერთგულა რევოლუციას, რომელიც მაშინ მოხდა, როცა ექვსი წლისა იყო და მის მოტყუებას დიდი ფილოსოფია არ უნდა. რამდენია ასეთი?

ეგებ ბილი იეზისაც იმიტომ უყვარს კუბა და კუბელები, რომ მოელის – ერთ დღესაც ჩარჩოები დაილეწება.

26.12.1998

წილი
წინა სტატიაზიდანის კაცი
შემდეგი სტატიაედე და ფედე მადრიდელები
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.