ევროპა ლიგის შეხვედრაში, სტუმრად, „ალკმაარის” წინააღმდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედმა” კარში ერთხელაც ვერ დაარტყა. თამაში დამთავრდა ფრედ, 0:0. მანჩესტერელებმა ინგლისურ პრესაში დიდი კრიტიკა მოიმკეს. ბრიტანელი ჟურნალისტები წერენ, რომ გუნდის კრიზისი გრძელდება, მაგრამ ოლე გუნარ სულშერმა თავისი ფეხბურთელები პრეს-კონფერენციაზე მაინც დაინდო. აუგი არავისზე უთქვამს.
„ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ სტუმრად, მოედნის რთულ საფარზე, რთულ მეტოქესთან ქულა მოვიპოვეთ, — თქვა ინგლისური გუნდის ნორვეგიელმა მწვრთნელმა, — ამ გუნდმა „ფეიენოორდი” დაამარცხა როტერდამში 3:0. ჩვენ ბევრი რამ შევცვალეთ და გავითვალისწინეთ. უნდა მოგვეგო”.
მაგრამ, რაც არ უნდა თქვას „იუნაიტედის” თავკაცმა, პრესა ხაზს უსვამს, რომ მისმა ფეხბურთელებმა სტუმრად უკვე ზედიზედ მეათე შეხვედრა ვერ მოიგეს. და ეს იყო ევროლიგის 25 თამაშიდან პირველი, როდესაც მანჩესტერელებს კარში არ დაურტყამთ.
ბოლოს, „მანჩესტერ იუნაიტედმა” სხვის მოედანზე გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გაიმარჯვა, როდესაც „პარკ დე პრენსზე” „პარი სენ ჟერმენს” 3:1 მოუგო და სტუმრად გატანილი მეტი გოლის გამო შემდეგ ეტაპზე გავიდა.
თავისი ფეხბურთელების ცუდ თამაშზე მეტად სულშერი იმით იყო შეწუხებული, რომ მსაჯმა 79-ე წუთზე მათ სასარგებლოდ პენალტი არ დანიშნა. ნორვეგიელმა თქვა:
„ამ ბოლო დროს, ჩვენ სასარგებლოდ პენალტებს არ ნიშნავენ. ორშაბათს, „არსენალთან”, მეტოქემ თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა, მაგრამ არბიტრმა არ დაუსტვინა. დღეს, მარკუს რეშფორდი წააქციეს. ამ ეპიზოდს თანამსაჯი აშკარად ხედავდა, მაგრამ რეაქცია არ მოჰყოლია. ახლა ვეღარაფერს შევცვლით, არადა შეიძლებოდა ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ მომხდარიყო. უკვე დავიღალე იმ პენალტებზზე ლაპარაკით, რომლებიც უნდა დაენიშნათ და არ დანიშნეს. ამ მომენტებმა შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედის” ძალიან კარგი თამაში ჩაშალეს”.