ბოლოს მას სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ მაისურა ჰქონდა მორგებული, თუმცა თამაშობდაო, ვერ დავიჩემებთ. ნევისპირა გუნდში შარშან გადაბარგდა და მოედანზე ოდენ 9 -ჯერ გავიდა, 2 გოლი გაიტანა და რუსულ პრემიერლიგას დაემშვიდობა. ისე გამოვიდა, რომ საერთოდ ფეხბურთსაც…

როდესაც კლაუდიო მარკიზიოზე ვსაუბრობთ ან მის სახელს ვწერთ, გონებას უსათუოდ „იუვენტუსისკენ“ მიჰყავხარ და ტურინულ კლუბს კითხულობ. 33 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა საფეხბურთო კარიერა დაამთავრა.

მარკიზიოს საინტერესო კარიერას დაღი ტრავმებმა დაასვა. ლაზარეთში ხშირმა ყოფნამ მას არ მისცა საშულება თავისი ნიჭი ბოლომდე გამოემჟღავნებინა, მაგრამ როდესაც შეეძლო მხოლოდ ელეგანტურად და ჯიგრულად ბურთაობდა.

„ზენიტთან“ კონტრაქტის გაწყვეტის და პეტერიდან წასვლის შემდეგ იტალიელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა, მაგრამ მისი სამსახურით აღარავინ დაინტერესდა. გამოცდილ იტალიელს შემოთავაზებები როგორ არ ექნებოდა, მაგრამ როგორც ჩანს არა ისეთი მარკიზიოს გული რომ გაუწევდა და ისიც, ქომაგებს სოციალურ ქსელის მეშვეობით დაემშვიდობა.

„მე და ფეხბურთმა ცხოვრებაში ერთმანეთისთვის ყველაფერი გავიღეთ. შესაძლოა, ბოლომდე ვერა, მაგრამ ოცნებების ნაწილიც ამიხდა. ბოლო თვეებში, ჩემი გული და გონება ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ამ ორომტრიალში მივხვდი, რომ გაჩერების დროა. არაფერს ვნანობ, რადგან მჯერა რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მადლობა ოჯახს, მადლობა გულშემატკივრებს და რაც მთავარია, მადლობა სპორტის ამ საოცარ სახეობას – ფეხბურთს,“ – დაწერა ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

კლაუდიო მარკიზიომ კარიერის უმთავრესი პერიოდი „იუვენტუსში“ გაატარა. ის არც იტალიის ნაკრებში იყო ბოლო ჭანჭიკი. „სკუადრა აძურასთან“ ერთან მარკიზიომ 2012 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, ისე კი 55 მატჩში 5 გოლი გაიტანა.