ამომავალი მზის ქვეყანაში დაგეგმილ 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის მონაწილეობას საფრთხე ელის.
მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს აღმასრულებელმა საბჭომ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოსთვის სტატუსის ჩამორთმევის პროცედურა წამოიწყო. ამ გადაწყვეტილების მიზეზი, WADA-ს შესაბამისობის კომიტეტის მოხსენება გახდა, სადაც საუბარია მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიიდან იანვარში მიღებულ მონაცემებთან და ინფორმაციებთან შეუსაბამობაზე.
WADA-ს შესაბამისობის კომიტეტის ხელმძღვანელის ჯონატან ტეილორის განმარტებით, საუბარია რუსეთისგან მიღებულ მონაცემთა ბაზასთან უზუსტობაზე: „ზოგიერთი დოპინგ-სინჯის დადებითი შედეგები გააქრეს. საკითხავია, რატომ? ჩვენ რუსულ მხარეს თავის მართლების შანსს მივცემთ,“ – ამბობს ჯონათან ტეილორი.
ამასთან, ტეილორი დასძენს, რომ თუ ლაბორატორიის მონაცემების წინასწარ გამიზნული მანიპულირების ფაქტები დამტკიცდება, რუსეთს უსერიოზულესი სანქციები ელის.
შექმნილ ვითარებაში რეალურ საფრთხეს ხედავს რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სტანისლავ პოზდნიაკოვი, რომელიც აღიარებს, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის გუნდის მონაწილეობის პერსპექტივა საფრთხეშია.
ერთი სიტყვით, იმ შემთხვევაში თუ დამტკიცდება, რომ მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემთა ბაზა გაყალბდა, დღის წესრიგში დადგება რუსი სპორტსმენების (განურჩევლად სახეობისა) საერთაშორისო შეჯიბრებებიდან, მათ შორის 2020 წლის ოლიმპიადიდან მოკვეთის საკითხი.
რუსულ მხარეს WADA-ს კითხვებზე პასუხის გასაცემად 21 დღე მიეცა.