პეკინის მასტერსს ახალი გამარჯვებული ეყოლება, რადგანაც ეს შეჯიბრი ნიკოლოს ბასილაშვილისთვის ნაადრევად დასრულდა.
შარშან ქართველი მეჩოგნე ჩინეთში შეუჩერებელი გახლდათ, მაღალი დონის მოთამაშეები ერთი-მეორეს მიყოლებით დაამარცხა, ხოლო ფინალში თვით ხუან მარტინ დელ-პოტროს აჯობა, რომელიც მაშინ მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი იყო. იმ ტრიუმფის შემდეგ ბასილაშვილმა, კარიერაში პირველად ტოპ-ოცეულში შეაღწია და ამ სიმაღლეზე აქამდე იმყოფებოდა. მომავალი კვირიდან კი ქართველი ჩოგბურთელი საუკეთესო ოცეულში აღარ იქნება, რადგან ჰამბურგის დარად, პეკინში ხელმეორედ ვეღარ იჩემპიონა, შესაბამისად ვერც 500 ქულა დაიცვა და რეიტინგშიც დაახლოებით 10 პოზიციით დაქვეითდება.
პეკინის ტუნრირი კი ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-17 ჩოგნის სტატუსით დაიწყო, საწყის ეტაპზე არგენტინელი გვიდო პელაც მოინელა, ხოლო შემდეგ ნიჭიერ და საგრძნობად პროგრესირებად სტეფანოს ციციპასთან ვეღარაფერი გააწყო. არადა, მატჩის დასაწყისი ჩვენებურს თითქოს ცუდს არაფერს უქადდა. ბასილაშვილი ისე თამაშობდა, როგორც ნამდვილ ჩემპიონს შეშვენის და პირველი სეტიც 6:4 მოიგო. მეორე პარტიაში კი ნიკამ უნებლიე შეცდომებს უმატა, რასაც, აგერ უკვე რა ხანია ქართველისთვის აქილევსის ქუსლად ქცეული ორმაგი შეცდომებიც დაემატა, იქეთ ბერძენმა მეჩოგნემაც მოუმატა, რომელიც ისედაც წყვილის ფავორიტად იყო მიჩნეული და მონასტერიც აირია.
საბოლოოდ სტეფანოს ციციპასმა მიჯრით ორი სეტი – 6:3, 6:2 მოიგო და მომდევნო ეტაპზეც დამსახურებულად გავიდა. საგულისხმოა, რომ ბასილაშვილმა ჯამში 8 ორმაგი შეცდომა დაუშვა, რაც ქულებში რომ გარდავსახოთ ზუსტად ორი გეიმი გამოდის.
ისე, ცოტა უცნაურია, რომ ტურნირის ორგანიზატორებმა, მოქმედ ჩემპიონი განუთესავი იყო. ტურნირის პირველი ნომერი დომინიკ ტიმი გახლავთ, მეორე-მესამე კი ალექსანდრე ზვერევი და ბასილაშვილის უკვე მეორედ მძლეველი სტეფანოს ციციპასი. ბერძენი და ქართველი მეჩოგნეები წლეულს ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეშიც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინაც ციციპასმა იმარჯვა.