10:45 – ეს ანგარიში ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ ქართველ მორაგბეებსა და მათ ქომაგებს. კი ბატონო, ვიცოდით, რომ ფიჯის ნაკრებს უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა და ქართველებთან მატჩს კუნძულელები უკიდურესად მოტივირებულები შეხვდებოდნენ. ვიცოდით და ველოდით, მაგრამ რა დავუპირისპირეთ?
არაფერი! ეს იყო ტოტალური შეცდომების მატჩი – სტრატეგიული, ტაქტიკური, ტექნიკური… სად იყო სარაგბო უნარები, მწვრთნელის სათამაშო გეგმა და სხვა კომპონენტები, რომლისგანაც შედგება თანამედროვე რაგბი?
ერთი ლელო გავიტანეთ, კიდევ 2-3 მწვავე შეტევა განვახორციელეთ, მაგრამ ეს იყო და ეს. ნაკრების წევრთა დიდ ნაწილს თამაში, პირდაპირ ვთქვათ ჩაუვარდა და რაც ყველაზე გასაკვირი იყო, ნაქებმა ქართულმა შერკინებამ არათუ ვერ აჯობა მეტოქისას, არამედ დაუთმო კიდეც სტატიკურ შერკინებათა უმრავლესობა…
სემი რადრადრა და ჯოსუა ტუისოვა მშვენივრად იცნობენ ქართველებს, „ტულონში“ მამუკა გორგოძის თანაგუნდელები იყვნენ, ტუისოვა ახლაც იქაა, ხოლო რადრადრა ბექა გორგაძესთან ერთად „ბორდოში“ თამაშობს. „მფრინავი ფიჯელების“ სწორედ ამ ფრთებს ვუფრთხოდით წინასამატჩო განხილვებში და არც შევმცდარვართ. რადრადრამ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და ის საკუთარ ბენეფისად აქცია, ჩვენს გუნდში კი მისი შემჩერებელი არ მოიძებნა. ტუისოვამაც საუცხოოდ ითამაშ, მაგრამ რადრადრამ ისიც დაჩრდილა.
შედეგად მივიღეთ 7 ლელო, რომელთაგან ბენ ვოლავოლამ 5 გარდასახა, მაშინ, როდესაც ქართველებმა მხოლოდ მამუკა გორგოძის ძალისმიერი ლელოთი უპასუხეს. სოსო მათიაშვილმა გარდასახა და პირველ ტაიმში ჯარიმაც გაიტანა, მაგრამ მანამდე კიდევ ერთი საჯარიმო დარტყმა ააცილა… გორგოძეს და ერთ-ორ სხვა ბორჯღალოსანს თუ არ ჩავთვლით, დანარჩენებს თამაში არ წაუვიდათ, მილტონ ჰეიგმაც შეცვლები აშკარად დააგვიანა და ალბათ შემადგენლობის შერჩევისასაც შეცდა…
მოკლედ, ჩვენთვის მსოფლიო თასი ფაქტობრივად დასრულდა – მოსაგები ორი მატჩიდან ერთი მოვიგეთ და ცხრილის მეოთხე საფეხურზე ჩამოვქვეითდით. ავსტრალიელებთან დარჩენილი მატჩის მოგება არარეალურია, ამდენად, ახლავე შეგვიძლია თქმა, რომ ბორჯღალოსნებს 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის საგზურისთვის ბრძოლა შესარჩევ ციკლში მოუწევთ.