ასეთი რაღაც რომელიმე ქართულ გუნდს რომ დამართნოდა… წარმოდგენაც არ გვინდა. ჩემპიონთა ლიგაში, „ტოტენჰემ ჰოთსპური” შინ დამარცხდა „ბაიერნთან” – 2:7.
მატჩის შემდეგ „სფურზის” არგენტინელმა თავკაცმა მაურისიო პოჩეტინომ თქვა, რომ ერთიანობა გუნდში ახალა ისეა საჭირო, როგორც არასდროს. არადა, ყველაფერი რა იმედისმომცემად დაიწყო, სონმა ანგარიში გახსნა და ჩრდილო ლონდონელები დაწინაურდნენ. შემდეგ კი ყველაფერი ყირაზე დადგა. ჯოშუა კიმიხმა გაქვითა, ცნობილმა რობერტ ლევანდოვსკიმ ორი, „არსენალის” ყოფილმა მოთამაშემ სერჟ გნაბრიმ კი ოთხი გოლი შეაგდო. მასპინძელთაგან ერთიც პენალტით ჰარი კეინმა გაიტანა.
„ახსნა-განმარტებებზე ბევრი დროის დახარჯვა არ არის საჭირო, — თქვა პოჩეტინომ, — პირველი 30 წუთი კარგად ვითამაშეთ. მეტოქეს მაღალი პრესინგი მოვუწყვეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა – ტაიმის მიწურულს გოლი (ლაპარაკია მეორე გოლზე) გავუშვით.
მეტოქე დამაგვირგვინებელ დარტყმებს უშეცდომოდ ასრულებდა. ჩვენი მხრიდან მეორე გოლი პენალტით შევაგდეთ და მესამეს გატანაც შეგვეძლო, მაგრამ 83-დან 89-ე წუთამდე მონაკვეთში სამი გავუშვით.
ფეხბურთში ასეთი რაღაცები ხდება. მოწინააღმდეგემ რამდენჯერაც დაარტყა, იმდენჯერ გაიტანა. ძალიან გაწბილებულები დავრჩით, მაგრამ სწორედ ახლა გვჭირდება ერთსულოვნება. ვფიქრობ, მენტალურად ძლიერები ვართ.
შესაძლოა, ჩემი ლაპარაკით თავი მოგაბეზრეთ, მაგრამ ფეხბურთი ის სფეროა, სადაც გუშინდელი კი არა, დღევანდელი დღეა მთავარი. ყველაფერი ყოველთვის შენს დღევანდელ და ხვალინდელ თამაშზეა დამოკიდებული. რა მოხდა სამი თვის წინ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
რასაკვირველია, ძნელია ასეთ მწარე მარცხთან შეგუება, მაგრამ მოგვიწევს. წინ ხვალინდელი დღეა. ერთად უნდა დავდგეთ და ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. ახლა მთავარი მდგომარეობიდან ღირსეულად გამოსვლაა. სხვა გზა არ არსებობს”.
ზემოთ გნაბრი ვახსენეთ. 24 წლის გერმანელი გახდა მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში, ერთ ტაიმში ოთხი გოლი შეაგდო. პირველად ეს 2014 წელს ლუის ადრიანომ გააკეთა.