გახსოვთ, შარშან ბუენო-აირესში გამართული ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები? არგენტინის დედაქალაქში უსიამოვნო ამბავი ქართველ სპორსტმენებს, კერძოს 3X3-ზე საკალათბურთო ნაკრებსაც შეემთხვა, რომლებმაც ოლიმპიური სოფლიდან სპორტულ ობიექტამდე თავის დროზე ვერ მიაღწიეს და მკაცრადაც დაისაჯნენ. ქართველ კალათბურთელებს სლოვენიასთან სასტარტო მატჩში წაგება ჩაეთვალათ. მატჩზე დაგვიანების უმთავრეს მიზეზად კი ქართული დელეგაციის მხრიდან გადატვირთული მოძრაობა დასახელდა, რაც არგენტინის დედაქალაქში სამუშაო დღეებში განსაკუთრებით იგრძნობოდა.

შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ მსგავს ინციდენტში იაპონიის სარაგბო ნაკრებიც გაეხვა. მასპინძლებმა მსოფლიო თასის გახსნით მატჩზე მისვლა დააგვიანეს, თუმცა მათთვის საბედნიეროდ, თავი ბოლომდე არ მოეჭრათ და სტადიონამდე დაგეგმილზე გვიან, მაგრამ შეხვედრის დაწყების ოფიციალურ დრომდე ადრე მაინც მიაღწიეს და რუსეთის გუნდსაც უპრობლემოს აჯობეს, შემდეგ კი სულაც სენსაცია გამოაცხვეს და ელიტაში მყოფი ირლინდია დაიბრიყვეს.

გაისად რომ იაპონიას კიდევ ერთი, რაგბის გულშემატკივრები ნუ გვიწყენენ და გაცილებით მასშტაბური და გრანდიოზული სპორტული ფორუმი ელის საქვეყნოს ცნობილი ამბავია. ჰოდა, იაპონელები იმედოვნებენ, რომ სარაგბო მსოფლიო თასის გამოცდილებას ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოიყენებენ.

ციგურებით რბენაში 1992 წლის ალბერვილის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი სეიკო ჰასიმოტო, რომელიც 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი იაპონიის მინისტრთა კაბინეტის წევრია, პირობას დებს, რომ ტოკიოს საცობების საკითხი მოგვარდება. ამგვარი განცხადების მიზეზი გახდა იაპონიაში მიმდინარე მორაგბეთა მსოფლიო თასის საწყის მატჩზე მასპინძელი ქვეყნის ნაკრების დაგვიანება.

„აუცილებელია ათლეტთა გადაყვანის უფრო ეფექტური სქემის შემუშავება. რაგბიში მსოფლიო თასი ნოემბერში დასრულდება. დარჩენილ დღეებში აუცილებელია, რომ სპორტსმენებისთვის შატლების გამართული მუშაობის საკითხი მოვაგვაროთ. მიღებულ გამოცდილებას ოლიმპიურ თამაშებზე გამოვიყენებთ,“ – განაცხადა სეიკო ჰასიმოტომ.

მორაგბეთა მსოფლიო თასს 500 ათასამდე უცხოელი გულშემატკივარი სტუმრობს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 12 ქალაქში არიან გაფანტული, ოლიმპიური თამაშებისას კი მთლიანი დატვირთვა ტოკიოს სატრანსპორტო სისტემაზე მოვა და უცხოელ გულშემატკივართა რაოდენობაც მეტი იქნება.