ხშირად ამბობენ, გრანდების ჩამოწერა არ შეიძლება, ისინი ყოველთვის ანგარიშგასაწევი ძალა არიანო. სწორედ ეს მგონია მიზეზი, რამაც „რეალს“ ჩემპიონთა ლიგა მიყოლებით 3-ჯერ მოაგებინა. იცოდნენ სადაც თამაშობდნენ და გამარჯვებულის მენტალიტეტიც ჰქონდათ. ეს დიდი გუნდების დამახასიათებელი ნიშანია…

„ბაიერნის“ გულშემატკივრები კი ნიკო კოვაჩს ხშირად აკრიტიკებენ. მიზეზი გასაგებია, ეს ხალხი ყოველთვის რეკორდმაისტერის უპირობო დომინაციას მოითხოვს. მიუნხენური გრანდი იმიტომაც არის „რეკორდმაისტერი“, რომ შედარებით სუსტ ფორმაშიც შეუძლია ტიტულების მოგება.

პოჩეტინოს გუნდი ჩემპიონთა ლიგის სამსაბათის მატჩისას მოედანზე თვალებანთებული გავიდა. პირველი 30 წუთი უპირატესობას ფლობდა, გოლიც გაიტანა, თუმცა იმ წუთიდან სტარტი მათი დასასრულის დასაწყისმა აიღო. პირველი გოლი იოზუა კიმიხმა გაიტანა და ისე აღნიშნა, ყველას აჩვენა – ეს „ბაიერნია“, გერმანელი ვარო. ამის შემდეგ მიჰყვა და მიყჰვა. თავის დროზე ტონი პულისისგან „ვესტ ბრომვიჩში“ დაწუნებულმა გნაბრიმ ოთხი გოლი გაიტანა, ისე ურტყამდა, თითქოს ბილიარდს თამაშობდა. ლევანდოვსკი კი ცალკე საუბრის თემაა, ამ სეზონში ფენომენალურად გამოიყურება და მეორე გოლისას იან ვერტონგენს რაც გაუკეთა, ბევრს საფეხბურთო კარიერას დაამთავრებინებდა.

მოკლედ, ბაიერნმა სისხლის სუნი იგრძნო და მეტოქისგან ქვა ქვაზე აღარ დატოვა.

ინგლისი და გერმანია ერთმანეთს ყოველთვის ექიშპებოდნენ. კუნძულელების ბედნიერი მოგონება 2001 წლის პირველ სექტემბერს უკავშირდება, სადაც „სამმა ლომმა“ მიუნხენში ოლიმპიაშტადიონზე „ბუნდესმანშაფტი“ 5:1 გაანადგურა. გერმანელებსაც აქვთ თავისი მოგონებები, თუმცა მათ შორის 2010 წლის სკანდალური 4:1 მათთვის ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი გასახსენებელია.

„ტოტენჰემთან“ „ბაიერნის“ შეხვედრამაც ახალ რეკორდებს ჩაუყარა საფუძველი. ინგლისურ გუნდს, საკუთარ მოედანზე, ევროთასების ისტორიაში 7 გოლი გაშვებული აქამდე არასდროს ჰქონდა. „დეზების“ ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი კი ისევ გერმანელებს უკავშირდებათ: 1995 წელს, ინტერტოტოს თასზე, „კიოლნმა“ საკუთარ კედლებში „ტოტენჰემი“ 8:0 რომ დაამარცხა..

გუშინ გერმანელების დღე იყო. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ დრო ამ ხალხს ვერაფერს აკლებს. საფეხბურთო ქვეყნისა და გრანდის დეფინიციაც ხომ სწორედ ეს არის.