ფიფამ საფეხბურთო კლუბ „კარდიფს“ ფრანგული „ნანტის“ სასარგებლოდ 5.3 მილიონი ფუნტის გადახდა დააკისრა. ეს არგენტინელი ემილიანიო სალას ტრანსფერის საფასურია. ფეხბურთელი 28 წლის ასაკში იმ დროს დაიღუპა, როდესაც ახალ კლუბში მიემგზავრებოდა.

ავიაკატასტროფამდე 2 დღით ადრე სალა „ნანტიდან“ „კარდიფში“ გადავიდა. კლუბები 15-მილიონიან ტრანსფერზე შეთანხმდნენ. პირველი ტრანში კარდიფელებს 27 თებერვლამდე უნდა გადაეხადათ. ტრაგედიის შემდეგ „კარდიფმა“ ფული არ გადაიხადა, რის გამოც „ნანტი“ საჩივლად ფიფაში წავიდა.

თვითმფრინავი, რომელშიც პილოტი და სალა იმყოფებოდნენ, რადარებიდან 21 იანვარს გაქრა. ორი კვირის შემდეგ, თვითმფრინავის ნამსხვრევები და სალას ცხედარი ლა მანშის ფსკერზე იპოვეს. პილოტის ცხედარი ამ დრომდე ნაპოვნი არ არის.