გუშინ, „ოლდ ტრეფორდზე” „მანჩესტერ იუნაიტედმა” და „არსენალმა” 1:1 ითამაშეს. მასპინძლები სკოტ მაკტომინეიმ პირველი ტაიმის ბოლო წამებში, საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით დააწინაურა, მაგრამ შესვენების შემდეგ ანგარიში პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაქვითა და ჩვენ სწორედ ამ ეპიზოდზე გვინდა შევჩერდეთ. ეს იყო გოლი, რომელშიც ვიდეორეფერი ჩაერია და რომელმაც მანჩესტერელთა თავკაცი ოლე გუნარ სულშერი გააბრაზა.

საქმე ის გახლავთ, რომ ობამეიანგმა ბურთი აბსოლუტურად სწორ პოზიციაში მიიღო და შეუტია, თანამსაჯმა სკოტ ლეჯერმა კი ალამი აღმართა, თამაშგარეაო. ობამეიანგმა ბურთის კარში შეგდება მოასწრო, მაგრამ მსაჯმა კევინ ფრენდმა ასისტენტის მიერ აღმართული ალამი რომ დაინახა, გოლი არ ჩათვალა. აქ საქმეში ვიდეორეფერი ჩაერია და სამართლიანობა აღდგა — წესების დაცვით გატანილი გოლი დაფასდა. ანგარიში გახდა 1:1.

და რა არის აქ საკამათო? რამ გააბრაზა სულშერი?

„აღმართულმა ალამმა ცუდი როლი ითამაშა, — დაიჩივლა მატჩის შემდეგ მანჩესტერელთა თავკაცმა, — ეშლი იანგმა ხელი აწია. ის მსაჯს უყურებდა. ყოყმანობდა. ალამი რომ არა, ყურადღება არ გაეფანტებოდა, ობამეიანგისთვის ხელის შესაშლელად უფრო სწრაფად გაიქცეოდა და იქნებ გოლი არც კი გასულიყო”.

სხვათა შორის, სულშერს VAR-თან კიდევ ერთი პრეტენზია ჰქონდა — 55-ე წუთზე სეად კოლაშინაცი საჯარიმოში ბურთს ხელით რომ შეეხო, პენალტი უნდა დაენიშნათო.

ობამეიანგის გოლთან დაკავშირებით თავისი მწვრთნელის აზრი გაიმეორა მეკარე დავიდ დე ხეამაც:

„რასაკვირველია, აღმართულმა ალამმა დაგვაბნია. ჯობდა თანამსაჯს ხელი დაშვებული ჰქონოდა. ბოლოს და ბოლოს, თუ შეეშლებოდა, მის შეცდომას ვიდეორეფერი გამოასწორებდა”.

აღწერილ ეპიზოდზე თავიანთი აზრი გამოთქვეს ცნობილმა ფეხბურთელებმა და ვეტერანებმა. სესკ ფაბრეგასს გაუკვირდა, თანამსაჯმა როგორ ვერ დაინახა ის, რაც მის ცხვირწინ ხდებოდა, ოფსაიდი რანაირად მოელანდაო. ჯეიმი კარაგერმა ვიდეორეფერი შეაქო. მაიკლ ოუენმა კარაგერს აუბა მხარი — აი, VAR-ი რისთვის არის საჭირო, ახლა მის სიკეთეში ხომ ყველანი დარწმუნდითო.

მართლაც, ადრინდელი დრო რომ ყოფილიყო და გოლი არ ჩაეთვალათ ალბათ უფრო დიდი უსამართლობა იქნებოდა. აქ, იანგს მაინც უსაყვედურებ, თანამსაჯს რას უყურებდი, შენი საქმისთვის მიგეხედაო.