ამ ზაფხულს, „რეალში” რომ გადავიდა, ბელგიელმა ვარსკვლავმა ედენ აზარმა თქვა ახლა კი მეშვიდე ცაზე ვარო, მაგრამ დაიწყო სეზონი და გაირკვა, რომ მეშვიდე ცაზე ყოფნა გაცილებით ძნელია, ვიდრე მას წარმოედგინა. გასულ შაბათს „რეალის” ახალი მეშვიდე ნომერი მადრიდულ დერბიში დიდი მოწადინებით ჩაება, მაგრამ ვერაფერი მოახერხა.

„მარკა” წერს, რომ „ატლეტიკოს” წინააღმდეგ აზარმა 77 წუთი დაჰყო მოედანზე და მთელი ამ ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი იყო. პრინციპში, ეს მთელი მსოფლიოს ტელევიზორებშიც კარგად ჩანდა, ისევე როგორც ის, რომ მისი მარცხენა ფრთიდან „თეთერებმა” ყველაზე სახიფათო მომენტი მისი კი არა, ნაჩოს წყალობით შექმნეს.

სტატისტიკა ასეთია: აზარმა თანაგუნდელებს 40 პასი გადააწოდა, რომელთაგან 31 ადრესატამდე მივიდა და მათგან 15 მოედნის ბოლო მესამედში ანუ მეტოქის საჯარიმოს შორიახლოს იყო, მაგრამ აი, ცრუმოძრაობებში ბელგიელს სრული ჩავარდნა ჰქონდა — კიერან ტრიპიერმა 17-ჯერ წაართვა ბურთი. აზარი სულ სამჯერ გასცდა მეურვეს.

სანამ „რეალში” ათამაშდებოდა, აზარმა ერთი თვე სკამზე გაატარა, რის შემდეგაც პირდაპირ დაძაბულ გრაფიკში მოუხდა ჩაბმა.

„მის მიმართ მოთმინება გვჭირდება, — თქვა „ატლეტიკოსთან” შეხვედრის შემდეგ ზინედინ ზიდანმა, — ყველამ კარგად ვიცით, რომ ის ათამაშდება”.

ჯერჯერობით კი ედენ აზარს არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გადაუწოდებია. 267 წუთში მან სულ ოთხჯერ დაარტყა კარში და დრიბლინგების მხოლოდ 57 პროცენტი დაასრულა წარმატებით. ცნობისთვის: შარშან ამდენივე თამაშის შემდეგ ბელგიელს „ჩელსის” შემადგენლობაში 7 გოლი ჰქონდა გატანილი და ორი საგოლე პასი გადაწოდებული.