„ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბარტომეუ და ერთ-ერთი კაპიტანი ჟერარდ პიკე ამ დღეებში ერთმანეთს შეხვდებიან. კატალონიური „სპორტი” წერს, რომ ბოლო დროს პიკე, საჯაროდ, ისეთ თემებს შეეხო, რომ პოზიციებს გარკვევა და ვითარებას განმუხტვა სჭირდება.
კერძოდ, ვეტერანმა გასულ კვირაში ორჯერ ახსენა „ბარსას” დირექტორატი და საყვედური გამოთქვა იმის გამო, რომ გუნდი სეზონისწინა შეკრებებს აშშ-სა და იაპონიაში გადის.
„ზაფხულობით ჩვენ უფრო მეტს ვმოგზაურობთ, ვიდრე ვვარჯიშობთ,” — თქვა მცველმა. მანვე მიანიშნა, რომ პრესაში ფეხბურთელების საწინააღმდეგო ცნობები ქვეყნდება.
„სპორტთან” ინტერვიუში დირექტორატის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა ლეო მესიმაც. მისი აზრით, კლუბი ნეიმარის დასაბრუნებლად ყველაფერს არ აკეთებს.
გამოცემა წერს, რომ ბარტომეუ შეეცდება პიკეს ლაგამი მოუჭიროს და კლუბზე აუგის თქმა შეაწყვეტინოს, რადგან ასეთი მდგომარეობით მადრიდში სარგებლობენ და „ბარსელონას” დასუსტებას ცდილობენ.