… და გადამწყვეტი დღეც მოახლოვდა. 3 ოქტომბერს, საქართველო – ფიჯი შედგება. ეს იქნება ამ გუნდების მესამე მატჩი ამომავალი მზის ქვეყანაში მიმდინარე მსოფლიოს მეცხრე თასზე.
გადავავლოთ თვალი განვლილ გზას: ფიჯელებმა ტურნირის სასტარტო მატჩში ავსტრალიის ნაკრებს დიდი ბრძოლა გაუმართეს, მაგრამ 21:39 დამარცხდნენ, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ უდიდესი სირცხვილი ჭამეს, როცა მათზე ობიექტურად სუსტ ურუგვაისთან 27:30 წააგეს. ამ მარცხმა ჯგუფში სატურნირო მდგომარეობა ამოაყირავა და რამდენიმე დღის განმავლობაში D ჯგუფის მესამე ადგილზე სწორედ სამხრეთამერიკული ნაკრები იმყოფებოდა უელსისა და ავსტრალიის კვალდაკვალ.
ბორჯღალოსნებმა ერთი მატჩი წააგეს და ერთიც მოიგეს: უელსთან – 14:43, ხოლო ფიჯის წამქცევ ურუგვაისთან – 33:7. ცხადია, რომ ქართველები კუნძულელებთან შედარებით უკეთეს ხასიათზე არიან. ჯერ ერთი, მათ 5 ქულა აქვთ და ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან მაშინ, როცა „მფრიანავი ფიჯელები“ 2 ქულით ცხრილის ფსკერზე არიან, მეორე კი ისაა, რომ ჩვენს ბიჭებს ბოლი მატჩი მოგებული აქვთ, ფიჯელებს – სამარცხვინოდ წაგებული. მათ შეხვედრას მრავალმხრივი დატვირთვა აქვს. საქართველო და ფიჯი იაპონიასთან ერთად ტიერ 2-ის მოწინავე ძალებად მიიჩნევიან და ხუთშაბათს უნდა გაირკვეს, რომელი სარაგბო ერი უფრო სწრაფად პროგრესირებს. იაპონიას, ალბათ, ვეღარ დავეწევით, რადგან ამ გუნდმა ძალიან შორს „შეტოპა“ – თვით ირლანდია 19:12 დაამარცხა, რაზედაც ჩვენ და ფიჯელები ჯერჯერობით ვერც ვიოცნებებთ. ამას ემატება საქართველოსა და ფიჯის პირადი ანგარიშიც.
სამი ურთიერთშეხვედრიდან 2 კუნძულელებს აქვთ მოგებული, მათ შორის ბოლო – შარშან ფიჯის დედაქალაქ სუვაში 37:15. ასე რომ, ბორჯღალოსნებს რევანშის წყურვილიც აქვთ. და მთავარი ფაქტორი იმისა, თუ რატომაა ეს მატჩი განსაკუთრებული მნიშვნელიბის: ჯგუფის მესამე ადგილოსანი ავტომატურად იბევებს მომდევნო, 2023 წელს საფრანგეთში გასამართი მსოფლიო თასის საგზურს, ხოლო მე-4 და მე-5 საფეხურებზე დარჩენილებს ამისთვის შესარჩევი ციკლის გავლა მოუწევთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველო ძალიან მომგებიან მდგომარეობაშია: მეტოქეზე სამი ქულით მეტი აქვს და ჯგუფის მე-3 ადგილს ფრის შემთხვევაშიც გაინაღდებს, ხოლო ფიჯის სანუკვარი მესამეობა ვერც ქართველების ძლევის შემთხვევაში ექნებათ გარანტირებული.
გუნდების ახალზელანდიელმა მწვრთნელებმა წინა მატჩთან შედარებით სასტარტო შემადგენლობაში 11-11 ცვლილება განახორციელეს. მილტონ ჰეიგის რაზმში სიახლეები უკანა ხაზშია, თორემ შერკინების სასტარტო ოქტეტი ზუსტად ისეთია, როგორც უელსთან შეხვედრაში იყო. მგეზავად თედო აბჟანდაძის ნაცვად ლაშა ხმალაძე ითამაშებს, ფრთებზე სანდრო თოდუა და გიორგი კვესელაძე იქნებიან, ხოლო შუამარბებად 117-კეპიანი დავით კაჭარავა და კაპიტანი მერაბ შარიქაძე გამწესდნენ.
ფიჯის ნაკრების დამრიგებელმა ჯონ მაკკიმ ტრავმის შემდეგ ძირითადში დააბრუნა დაბრუნდა პესელი იატო, რომელიც 8 ნომრად ითამაშებს. ფრთებზე ფიჯელი სუპერვარსკვლავები იფრენენ – სემი რადრადრა და ჯოსუა ტუისოვა, ცენტრში – ლევანი ბოტია და ვაისეია ნაიაკალევუ. ფულბეკიც უძლიერესია – კინი მურიმურივალუ და ღერძიც საბრძოლოა – ფრენკი ლომანი და ბენ ვოლავოლა. სხვათა შორის ურუგვაისთან წაგება სწორედ ამ უკანასკნელის არ ყოფნამ განაპირობა. ძირითადი დამრტყმელის არ ყოფნაში მისმა დუბლიორმა 7-დან 6 დარტყმა გააცუდა…
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ფიჯისთან შეხვედრაში:
1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 12. მერაბ შარიქაძე, 13. დავით კაჭარავა, 14. გიორგი კვესელაძე, 15. იოსებ მათიაშვილი.
მარქაფა:
16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ოთარ გიორგაძე, 20. ბექა საღინაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. მირიან მოდებაძე.