ეს საფეხბურთო მინდორიც თითქოს ცხოველთა სამყაროს დაუპყრია. ამ სპორტსაც ჰყავს თავისი მირონცხებული მეფეები. ასეთებს ვერანაირი საფეხბურთო მოღვაწე ვერ შეეხება – ვერ მოერევა და იმიტომ.

როგორც მზე, ზუსტად ასეთივე ხელუხლებენი არიან, მატერიალურ სამყაროს არ ეკუთვნიან – უკვე ხელოვნების მარადიულ სამყოფელს შეუერთდნენ. ზოგიერთს ავაზასავით ფრთხილი სიარული და მოქნილობა ახასიათებს, რომ მოგეპარება და ისე გაგგუდავს, მის მოსვლასაც ვერ შეამჩნევ. ზოგიერთი ხვადი ლომია, საჯარიმოში დგას და ბრდღვინავს, თავის კვერცხების დემონსტრირებას ახდენს. ასეთები არიან და მორჩა, წარმოუდგენელი საფეხბურთო ოსტატობის გარდა, ის ქარიზმა გააჩნიათ, პლანეტის დაპყრობა რომ შეუძლია.

თუმცა, არსებობენ გენერლები, დღეს რომ ყველას უყვარს, თითქოს დასაწუნიც არაფერი აქვთ, მაგრამ მათი მთელი კარიერა ქვიშისგანაა აგებული. წარსულში უამრავი მაგალითი გვახსოვს, თუმცა კარგ ბიჭებს ამ ზაფხულსაც ცუდად მოექცნენ.

წესით და რიგით, „რეალს“ ნავასისთვის მადლობის მეტი არაფერი უნდა ეთქვა. კოსტა-რიკელი კარის დარაჯი ახლაც იმავე ფორმაში იმყოფება, როგორც მაშინ, მიყოლებით 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგო. აღმოჩნდა, რომ პერესს სხვა გეგმები აქვს, უნდა „ბლანკოსში“ საკუთარი ეპოქა შექმნას, რადგან ევროპაში დომინაცია სრულად მის სახელს არ უკავშირდება – რონალდუ ხომ მადრიდში მისი მიყვანილი არ არის. ამ ტრიუმფების შემოქმედად ხალხს არა პერესი, არამედ ის პორტუგალიელი ლომი გაახსენდება, რომელსაც ფლორენტინომ ვერაფერი დააკლო. სხვისი არ ვიცი, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, „რეალს“ მის დასატოვებლად ყველაფერი რომ ეღონა, რონალდუ მადრიდში აუცილებლად დარჩებოდა. ​

ნავასი გაუშვეს და მის ნაცვლად გუნდში კურტუა მიიყვანეს, მაშინ როდესაც ბელგიელს არც ბავშვი ეთქმის და დამტკიცებულიც ბევრი არაფერი აქვს.

გაშვების გამო, ჩრდილი არც რონალდუს მიადგა და, ასეთ შემთხვევაში, არც მესის ჯადოქრობას დააკლდებოდა რამე. არსებობს რაკიტიჩი, რომლიც როგორღაც „ბარსასთვის“ დღეს მძიმე ტვირთად იქცა. კლუბის დამსახურება სულაც არ არის ხორვატი ახლა პსჟ-ში რომ არ თამაშობს – მეტიც, კატალონიელებმა ამ ტრანსფერისთვის ყველაფერი გააკეთეს, იკარუსივით მზისკენ მიმავალ ნეიმარს ხომ ფრთები დაეწვა და „ბარსაში“ დაბრუნება გადაწყვიტა. ბრაზილიელთან ერთად კიდევ ერთხელ თამაში კი ყველაზე მეტად მესის სურდა. ავაზას ბლაუგრანაში ბართომეუზე მეტი სიტყვა ეთქმის.

ფიქრებში დავხატე ოცნება, სადაც ნავასი, რაკიტიჩი და დი მარია ერთად თამაშობენ, ჯერ მადრიდელებს დაამარცხებენ 3:0-ს, შემდეგ კი კატალონიელების ჯერიც დადგება.

რაღაც მსგავსი ამ სეზონში უკვე ვნახეთ, თუმცა ტკბილი შურისძიება კიდევ სხვა რამეა. ამ ბიჭების ადგილი მხოლოდ ფეხბურთის გურმანების გონებაში არ უნდა იყოს. მოიგებენ და ლამაზი ზღაპარი დაიწერება. კატალონიელებიც ხომ ასე ამბობენ, „მეტი – ვიდრე კლუბი, „მეტი – ვიდრე სპორტი“…