„ბაიერნმა” ბუნდესლიგაში ახალაღზევებულ „პადერბორნს” სტუმრად 3:2 მოუგო, რისთვისაც იმაზე მეტი წვალება მოუხდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. „რეკორდმაისტერის” გამარჯვებაში მთავარი წვლილი ფილიპე კოუტინიუმ შეიტანა.

„ბარსელონასგან” იჯარით შეძენილმა ბრაზილიელმა პირველი გოლი სერჟ გნაბრის გაატანინა, მეორე თავად შეაგდო და მართალია, მესამეში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ბავარიელთა ფაქტობრივად ყველა შეტევის სულისჩამდგმელი იყო.

ამრიგად, ბუნდესლიგის ბოლო ორ შეხვედრაში კოუტინიუმ ოთხ გოლში მიიღო მონაწილეობა — ორი შეაგდო და ორჯერ საგოლე პასი გადააწოდა.

და რას ნიშნავს კოუტინიუს კარგი თამაში? იმას, რომ თომას მიულერი, სავარაუდოდ, სათადარიგოთა სკამზე იჯდება.

პადერბორნში გერმანიის ნაკრების ყოფილ ვარსკვლავს უკვე ზედიზედ მესამედ მოუხდა თამაშის უმეტესი დროის სათადარიგოთა სკამზე გატარება. ის მოედანზე მე-80 წუთზეღა შევიდა, როდესაც ანგარიში იყო 3:1. მიულერმა რობერტ ლევანდოვსკი შეცვალა. საინტერესოა, რომ პადერბორნელი გულშემატკივარი მას თბილად შეხვდა.

„ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა თქვა: „მიულერი შექმნილ მდგომარეობას გაგებით ეკიდება. ის ხომ ნამდვილი პროფესიონალია. ჩვენ წელიწადში ორმოცდაათზე მეტი თამაში გვიწევს და თომასი თავის გამოჩენას კიდევ ბევრჯერ მოასწრებს”.

შემდეგ კი ვეტერანმა, რომელსაც მეტსახელად ბრაზოს ეძახიან კოუტინიუზეც ილაპარაკა: „ფილიპე ძალიან სასიამოვნო ადამიანია, ხოლო როგორი ფეხბურთელია, ამას ყველანი კარგად ხედავთ. ვერ გეტყვით, რომ მან პირველ ტაიმში უკეთ ითამაშა, ვიდრე მეორეში. ერთი კი დანამდვილებით ვიცი, თუ ის ასეთ ფორმას კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში შეინარჩუნებს, ეს „ბაიერნისთვის” შესანიშნავი იქნება”.

შესანიშნავი „ბაიერნისთვის” და ცუდი თომას მიულერისთვის…