მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IAAF) კონგრესის გადაწყვეტილებით მმართველი ორგანოს სახელი და ლოგო შეიცვალა.
„მსოფლიო მძლეოსნობა“ – ასეთი იქნება ახალი საფირმო სახელი, ხოლო აბრევიატურის WA (World Athletics), რომლის ოფიციალურად გამოყენებასაც 6 ოქტომბრიდან, დოჰაში მიმდინარე მძლეოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეუდგებიან.
IAAF-ის საბჭოს, რომელმაც რებრენდინგთან დაკავშირებით წინადადება ივნისში წამოაყენა, რამდენიმე მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ზოგიერთი ფრანგულენოვანი დელეგატი აცხადებდა, რომ ახალი სახელწოდება მათ ენაზე ლამაზად არ ჟღერდა, ხოლო ერთი ნაწილი იდეის წინააღმდეგ იმიტომ გამოვიდა, რომ ამგვარი ცვლილებით იდენტობა დაიკარგებოდა.
„მას შემდეგ, რაც 2003 წელს IAAF-ის საბჭოს წევრი გავხდი, მუდმივად იმის ახსნა მჭირდებოდა, თუ რომელ ორგანიზაციას წარმოვადგენდი და რას ნიშნავდა მისი სახელწოდება. ლოგოტიპზე მუშაობისას გავითვალისწინეთ მაუწყებელთა, მედია-პარტნიორთა, გულშემატკივართა და ათლეტთა აზრი. გულწრფელად გვჯერა, რომ ეს სიახლე მძლეოსნურ სამყაროში უფრო მეტი ახლაგაზრდის მოზიდვაში დაგვეხმარება,“ – განმარტავს სებასტიან კოე, რომელიც 25 სექტემბერს ფედერაციის პრეზიდენტად ხელმეორე ვადით აირჩიეს.
IAAF 1912 წელს დაარსდა. თავდაპირველად იწოდებოდა როგორც სამოყვარულო მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია, 2001 წლიდან კი სახელი შეიცვალა და დღემდე იწოდებოდა, როგორც მძლეოსნობის ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაცია.
სხვათა შორის, დოჰაშივე მსოფლიოს ახალი ჩემპიონი მიევლინა. ამერიკელმა კრისტიან კოულმენმა 100-მეტრიანი დისტანცია 9,76 წამში დაფარა. ეს შედეგი მძლეოსნობის ისტორიაში მეექვსეა, მსოფლიო ჩემპიონატებზე კი უფრო სწრაფად ორმა სპრინტერმა ირბინა. მძლეოსნობის ქომაგებს კარგად ახსოვთ 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, როცა ამერიკელმა ტაისონ გეიმ მსოფლიო რეკორდი (9,69) დაამყარა და… მეორე ადგილზე გავიდა. ფინიშზე პირველი იამაიკელი უსაინ ბოლტი იყო ზეფანტასტიური შედეგით – 9,58 წამი. ბოლტის რეკორდს10 წელია, ძვრა ვერავინ უყო.