AS წერს, რომ შარშან „ბარსელონასა” და „ატლეტიკოს” შეხვედრაში მსაჯის შეურაცხყოფისთვის დიეგო კოშტას რვათამაშიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, ხოლო 2015 წელს, ჟერარდ პიკე „ბარსა” – „ატლეტიკის” შეხვედრაში არბიტრის დედის გინებისთვის ოთხი თამაშით დაისაჯა. მაშ, რატომ შერჩა ხახვივით სერხიო რამოსს შაბათს, მადრიდულ დერბიში, თანამსაჯის ლანძღვა? რამოსს უთქვამს „ის ბოზი, ვინც შენც მუცლით გატარაო”…
ეს ამბავი „ატლეტიკოს” სათადარიგოთა სკამთან მოხდა და თვით დიეგო სიმეონემ გაიგო. და როდესაც დაინახა, რომ არბიტრთა ბრიგადა „რეალის” კაპიტნის გინებას ისე უყრუებს გეგონება არაფერი მომხდარაო, არგენტინელი მწვრთნელი გაცეცხლდა.
ჩოლო ჯერ მეოთხე მსაჯს მივარდა და შეუძახა, ასეთი რაღაცის გატარება როგორ შეიძლებაო, შემდეგ გალანძღულ თანამსაჯსაც მიეჭრა და პირველი ტაიმის ბოლოს მთავარ მსაჯსაც უთხრა, რასაც ფიქრობდა მომხდარზე. ამასობაში, სერხიო რამოსმა გვერდით ჩაუარა და სიმეონეს დასამშვიდებლად თავზე ხელი გადაუსვა.
„ატლეტიკოს” საჩივარი რომ დაეწერა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია იძულებული იქნებოდა საქმე გამოეძია, მაგრამ მომხდარისთვის ოფიციალური სახის მიცემა ჩოლოს კლუბმაც არ ისურვა. მეტიც, დიეგო სიმეონემ მოგვიანებით თქვა:
„ის რაც მოედანზე ხდება, მოედანზევე რჩება, მაგრამ თანამსაჯმა კარგად იცის რაც უთხრეს”.