კვირას, თბილისის დროით დილის 9:15-ზე დაიწყება მატჩი, რომელზეც მთელი საქართველოს ყურადღება იქნება მიჯაჭვული: საქართველო ურუგვაის წინააღმდეგ.

შეხვედრა იაპონიის ქალაქ საიტამას სარაგბო სტადიონზე გაიმართება და მას უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა ექნება. როგორც მოგეხსენებათ, რაგბი სპორტის იმ სახეობათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ლოგიკურ შედეგს ძალიან დიდი ალბათობა აქვს და ამ თვალსაზრისით, რაგბი მართლაც გამორჩეულია – ძლიერი პრაქტიკულად ყოველთვის ერევა სუსტს.

მაგრამ გამონაკლისები აქაც ხდება. თუკი 4 წლის წინანდელ მსოფლიო თასზე სენსაციის ავტორი იაპონიის ნაკრები გახდა, რომელმაც რაგბის ერთ-ერთი გიგანტი სამხრეთ აფრიკა დაამარცხა, მიმდინარე ტურნირზე უფრო ნაკლები მასშტაბის, მაგრამ აშკარა მოულოდნელობა ურუგვაელებმა შექმნეს, რომელთაც ფიჯი დაამარცხეს.

ჰოდა, კვირას სწორედ ამ ურუგვაის ვეთამაშებით. ამ გუნდთან ძველი ანგარიშებიც გვაქვს გასასწორებელი: ურუგვაისთან ბორჯღალოსნების პირველი შეჯახება ჩვენთვის სადებიუტო, 2003 წლის მსოფლიო თასზე შედგა და მაშინ სამხრეთამერიკელებმა მეტად მოულოდნელად დაგვამარცხეს. მას მერე გუნდების გზები კიდევ 4-ჯერ გადაიყარა და ისტორიული ანგარიში 3:2-ია ჩვენს სასარგებლოდ. თუმცა, ვიმეორებ, მთავარ მატჩში ურუგვაიმ გვაჯობა და პასუხის გაცემის დროც დადგა.

მილტონ ჰეიგმა ამასობაში სამატჩო რაზმი დაასახელა. შერკინების პირველ ხაზს სასტარტო შემადგენლობაში ის სამეული შეადგენს, რომელმაც უელსთან დაპირისპირებაში მარქაფიდან ითამაშა და მეტოქეს სერიოზული პრობლემები შეუქმნა: გოგიჩაშვილი-ბრეგვაძე-ჩილაჩავა. პლუს ამას, ჯაბა ბრეგვაძე ურუგვაისთან გუნდის კაპიტანი იქნება – რიგით 32-ე საქართველოს ნაკრების ისტორიაში.

კოტე მიქაუტაძე კვლავ სასტარტოა და მისი მეწყვილე მეორე ხაზში ლაშა ლომიძე იქნება. მესამე ხაზიც სახეცვლილია: სუთიაშვილი და საღინაძე ფლანკერებად გამწესდებიან, ხოლო გიორგაძე – შემკვრელად. ოთარი და ბექა უელსთანაც მესანე ხაზში შევიდნენ შეცვლაზე, ხოლო ნაკრების ყველაზე ასაკოვანმა წევრმა შალვა სუთიაშვილმა მეორე ხაზში ხსენებული მქაუტაძე ჩაანაცვლა.

ღერძს 20-წლადელთა ნაკრებში ბრწყინვალედ შეთამაშებული ჭაბუკთა ტანდემი შეადგენს – გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე. ლომიძის დარად, მიმდინარე ტურნირზე დებიუტი ექნებათ გარემარბებს – ვეტერან სანდრო თოდუას, რომელიც მე-80 სანაკრებო კეპს მოიხვეჭს და ახალგაზრდა ზურაბ ძნელაძეს. პირველად ვიხილავთ ლაშა მალაღურაძესაც, ვისაც ცენტრში უელსელებთან ფრთაზე ბრწყინვალედ მოთამაშე გიორგი ვესელაძე შეუამხანაგდება. ხოლო ფულბეკად ლაშა ხმალაძე ითამაშებს.

მარქაფაც ერთობ სოლიდურია: ვანო კარკაძესაც დებიუტი ელის, ისევე როგორც გიორგი მელიქიძეს, ბექა გორგაძე კი უელსთან სასტარტო იყო. მეორე ხაზში მამუკა გორგოძე შევა, მესამეში – ბექა გორგაძე, შერკინების ნახევარმცველად – ვასილ ლობჟანიძე, ცენრტში გამოჩნდება ტრავმამოშუშებული კაპიტანი მერაბ შარიქაძე, ხოლო სამარქაფო ფულბეკად სოსო მათიაშვილი გამწესდა.

ეს შემადგენლობა წინაზე შედარებით მსუბუქი და სწრაფია, იმედია, ეს რაზმი შეძლებს ურუგვაის ბონუსით, ანუ 4 ლელოს გატანის ხარჯზე დამარცხებას და მეტოქეს იგივეს გაკეთებას არ დაანებებს, თან 7-ქულიან დისტანციაზე ახლოს არ მიუშვებს, რათა ურუგვაელებმა ბონუსები არ ჩაიწერონ ამ ჩახლართულ სატურნირო ცხრილში.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ურუგვაისთან მატჩში:

  1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვძე, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ლაშა ლომიძე, 5. კონსტანტინრ მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. ოთარ გიორგაძე, გელა აფრასიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 12. ლაშა მალარურაზე, 13. გიორგი კვესელაძე, 14. ზურაბ ძნელაძე, 15. ლაშა ხმალაძე.

მარქაფა:

  1. ვანო კარკაძე, 17. ბექა გიგაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. მამუკა გორგოძე, 20. ბექა გორგაძე, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. მერაბ შარიქაძე, 23. იოსებ მათიაშვილი.