„ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავკაცს მაურისიო პოჩეტინოს სიმწრისგან მუშტის კბენა მოუხდა — ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი გუნდი „კარაბაოს” ანუ ლიგის თასის მეთექვსმეტედფინალიდან მეორელიგელმა „კოლჩესტერმა” გაუგდო. თამაში 0:0 დამთავრდა. შეხვედრის ბედი პენალტებში გადაწყდა. „დეზებიდან” პენალტი კრისრიან ერიკსენმა და ლუკას მოურამ გააცუდეს. მოურამ ძელს გაარტყა.
მატჩის შემდეგ პოჩეტინომ მაინც არ გაიტეხა იხტიბარი: „კოლჩესტერმა” ფანტასტიკურად ითამაშა. გაგვიძნელდა. საოცრად იმედგაცრუებული ვარ საქმე 90 წუთში რომ ვერ მოვამთავრეთ. მათ „კრისტალ პალასიც” პენალტებით დაამარცხეს. ასეთი რამ ხდება ხოლმე. შეჯიბრების ხიბლიც სწორედ ის არის, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ძალიან გვინდოდა ამ თასისთვის გვებრძოლა, მაგრამ გვვარდით”.