23 სექტემბერს, მილანის ლა-სკალას საოპერო დარბაზში გამართული ფიფას გალა-დაჯილდოების შესახებ ფეხბურთის ქომაგებს კარგაც ეცოდინებათ.

რა თქმა უნდა, მოდების ქალაქში იმყოფებოდა „ტოტენჰემის“ დამრიგებელი მოურისიო პოჩეტინოც, რომელიც საუკეთესო მწვრთნელობაზე „იქაჩებოდა“, კონკურენტებად კი იურგენ კლოპი და ხოსეპ გვარდიოლა ჰყავდა. საინტერესოა, რომ სამივე პრემიერლიგის გუნდის თავკაცი არის და იშვიათად გვახსენდება ფაქტი, ნომინანტებს შორის ყველა ერთ ქვეყანაში მუშაობდეს.

ასეა თუ ისე, 47 წლის არგენტინელი სპეციალისტი გერმანელ იურგენ კლოპთან დამარცხდა  და საუკეთესოდაც „ლივერპულის“ დამრიგებელი დასახელდა, სამაგიეროდ კი პოჩეტინომ მედიას მეტად დამაინტრიგებელი რამ უთხრა: ერთხელაც მადრიდის „რეალს“ ჩავიბარებ და დარწმუნებული ვარ, ეს დრო შორს არ არისო…

მოურისიო პოჩეტინოს „რეალში“ გადაბარგებასთან დაკავშირებით ხმები ჯერ კიდევ ზინედინ ზიდანის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მეორედ დაბრუნებამდე ირხეოდა, მაგრამ მაშინ არგენტინელმა მწვრთნელმა არჩია „ტოტენჰემში“ დარჩენილიყო და როგორც გამოჩნდა არც შემცდარა. ლონდონური კლუბი ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

შეგახსენებთ, მოურისიო პოჩეტინოსთვის ესპანეთის ჩემპიონატი უცხო ნამდვილად არ გახლავთ.  მან პროფესიონალური სამწვრთნელო კარიერა სწორედ ლა-ლიგაში დაიწყო, როდესაც „ესპანიოლს“ ავარჯიშებდა. შემდეგ იყო ინგლისური „საუთჰემპტონი“ და ახლანდელი ნავსაყუდელი „ტოტენჰემი“, სადაც გაითქვა კიდეც სახელი.

მოკლდე, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ნამდვილად არ გაგვიკვირდება თუ პოჩეტინო „რეალს“ ამ ზამთარშივე ჩაიბარებს, რადგან ფლორენტინო პერესი სამეფო გუნდის სტარტით არც ისე კმაყოფილია და ზიდანსაც, შესაძლოა, კარისკენ მალე მიუთითოს.