ასე სწრაფად ჰაბიბ ნურმაგომედოვსაც არასოდეს მოუგია. ის, რაც რუმინეთის ქალაქ სიბიაში მოხდა, ქალთა შორის ჩხუბში აბსოლუტური რეკორდია.

MMA Real Xtreme fighting 35 სუსტი სქესის წარმომადგენლებში იგივეა, რაც UFC მამაკაცეთა შორის. ჰოდა, ოქტაგონზე, ტიტულისთვის ბრძოლაში, 56.7 კილოგრამამდე წონაში ერთმანეთის პირისპირ რუმინელი ანა მარია პალი და ირანელი სამერეხ კიანი დადგნენ. საინტერესოა, რომ ირანელი სპორტსმენი რინგზე ჰიჯაბით გავიდა, თუმცა როგორც მოვლენების განვითარებამ აჩვენა, მისთვისთვე ჯობდა ბრძოლაზე საერთოდ უარი ეთქვა.

ირანელ ქალბატონთან ერთად არ გაუმართლათ დარბაზში მსხდომ მაყურებლებსაც, რომლებმაც ბილეთებში სოლიდური თანხა გადაიხადეს, მაგრამ ადრენალინის გარეშე დარჩნენ. თუ იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც გარკვეულ მიზეზთა გამო დარბაზში შესვლა თუნდაც ერთი წუთი დააგვიანეს ტყუილად გარჯილან, რადგან ოქტაგონი უკვე ცარიელი დახვდებოდათ ან უკეთეს შემთხვევაში არბიტრის მიერ, გამარჯვების ნიშნად რუმინელი პალის ზეაღმართულ ხელს თუ შეავლებდნენ თვალს.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ანა მარია პალმა, ირანელი მეტოქე ზუსტად 19 წამში მოგუდა და თან ისე, რომ მოწინააღმდეგეს გონება დააკარგვინა. ეს, 3 მარცხის წილ რუმინელი მებრძოლის მეორე გამარჯვება იყო, ხოლო სამერეხ კიანს პროფესიულ დონეზე სულაც დებიუტი ჰქონდა და ვეჭვობთ, ამის შემდეგ რინგზე გასვლა ოდესმე კიდევ ისურვოს.