ლეო მესი 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. კრიშტიანუ რონალდუ „ლა სკალაში” გალა დაჯილდოებას არ დაესწრო.

რონალდუ წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, მაგრამ სცენაზე არ იყო. იქ იდგა ათი ფეხბურთელი, რომელთა უმეტესობაც მილანში ტურინთან შედარებით გაცილებით შორი მანძილიდან ჩავიდა.

34 წლის პორტუგალიელი დაშავებულია და დღეს, „ბრეშასა” და „იუვენტუსის” შეხვედრის განაცხადში არ არის შეყვანილი. ვითომ, ტრავმამ არ მისცა მილანში ჩასვლის საშუალება?

ინგლისური „მირორი” წერს, რომ ფიფამ რონალდუს არყოფნას აშკარად წაუყრუა. მაიშინაც კი, როდესაც სცენაზე თერთმეტის ნაცვლად ათი კაცი იდგა, ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებიათ. არადა, მთელ მსოფლიოში ტელემაყურებელმა თერთმეტამდე ნამდვილად იცის თვლა.

„მირორი”, ისევე როგორც პლანეტის ოთხივ კუთხეში გულშემატკივართა უმეტესობა, ეჭვს გამოთქვამს, რომ ჯილდო პორტუგალიელს რომ მოეგო, ის დარბაზში იქნებოდა.

„სპორტინგის”, „მანჩესტერ იუნაიტედის” და „რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც დღეს „იუვენტუსში” თამაშობს, ფიფას გალა დაჯილდოების შემდეგ „ინსტაგრამზე” ასე დაწერა:

„დიდი მოთმინება და დაჟინება არის ის ორი თვისება, რომელიც პროფესიონალს მოყვარულისგან განასხვავებს. რაც დღეს დიადია, ოდესღაც პატარა იყო.

ყველაფერს ვერ გააკეთებ, მაგრამ შეგიძლია გააკეთო ყველაფერი, რათა ოცნება აიხდინო.

დაიმახსოვრე ეს. ღამეს ყოველთვის მოსდევს დღე”.

„მირორი” წერს, რომ რონალდუს ეს ბუნდოვანი ტექსტი მოჰყვა საღამოს, სადაც იურგენ კლოპმა ბოდიში მოიხადა, რომ წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

„მაპატიეთ… — თქვა კლოპმა, — უი, ეს ჯილდო რა მძიმე ყოფილა. რა შემიძლია ვთქვა? დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ბევრ ადამიანს, ჩემი ოჯახით დაწყებული. ოცი, ხუთი თუ ოთხი წლის წინ ამას ვერავინ წარმოიდგენდა.

ჩვენ ყველამ ვიცით, რა დაუჯერებელი სამუშაო შეასრულეთ შენ (მიმართა მაურისიო პოჩეტინოს) და პეპმა.

დიდი მადლობა ჩემს განსაკუთრებულ კლუბ „ლივერპულს”, მის მეპატრონეებს და ჩემს გუნდს”.