„ოლე გუნარ სულშერი ამბობს, რომ არ ნერვიულობს. მე კი მის ადგილზე ვინერვიულებდი. ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ვერ ვხვდები, რატომ არ ნერვიულობს სულშერი. მას, რასაკვირველია, შეუძლია გამოვიდეს და თავისი მოთამაშეები დაიცვას, მაგრამ ფაქტია, კვირას ისინი არაფრად ვარგოდნენ. და კიდევ, „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანები გიჟები არ არიან — გუნდმა „ლონდონ სთედიუმზე” წარმოუდგენლად ცუდად ითამაშა და ფანებმა ეს ძალიან კარგად დაინახეს. „ვესტ ჰემი” ალბათ ფიქრობდა, სულ ეს ხართ? მეტი არ შეგიძლიათ?” — წერს წარსულში ცნობილი ინგლისელი თავდამსხმელი ალან შირერი თავის ბლოგში, რომელიც „ვესტ ჰემის” მიერ მანჩესტერელების 2:0 დამარცხებას ეხება.

წინა ბლოგი შირერმა „მანჩესტერ სიტისა” და „უოტფორდის” შეხვედრას მიუძღვნა. ის თამაში „სიტიმ” 8:0 მოიგო.

„მე „უოტფორდი” უგულო ფეხბურთისთვის გავაკრიტიკე. „მანჩესტერ იუნაიტედი” მთლად „უოტფორდივით” არ იყო, მაგრამ მანაც საშინლად ითამაშა. არავის უნდოდა სივრცე გადაეკეტა, ებრძოლა, ნახევარდაცვაში მარწუხები მოეჭირა. პროფესიულ ფეხბურთში ასეთი რამ „მანჩესტერ იუნაიტედს” კი არა, არავის ეკადრება” — წერს ექსპერტი.

შემდეგ, შირერმა ფანტაზიის ნაკლებობაზე ჩამოაგდო სიტყვა. პირველ ტაიმში გუნდი მოედნის არც ერთ მონაკვეთზე არ ვარგოდა და ვერც შესვენებამ უშველა, მეორე ნახევარიც უსახური და უნიჭო იყოო, წერს ის.

„ოლემ საოცრად გარისკა, როდესაც რომელუ ლუკაკუს „ინტერში” გაშვების შემდეგ მისი შემცვლელი არ იყიდა. გამოვიდა, რომ მთლიანად მარკუს რეშფორდს, ანტონი მარსიალს და ახლაგაზრდა მეისონ გრინვუდს დაეყრდნო. და აი, გუშინ, როდესაც მარსიალი დაშავებული იყო, „მანჩესტერ იუნაიტედმა” შეტევაში ვერაფერი მოიფიქრა. საერთოდ ხიფათი ვერ შექმნა.

შემოქმედებითი ფეხბურთი ვერც ნახევარმცველებისგან ვნახეთ. ნემანია მატიჩის, სკოტ მაკტომინეის, ხუან მატას, დენ ჯეიმსისა და ანდრეას პერეირას თამაშში საინტერესო არაფერი იყო.

შეტევას ხალხი აკლდა. მეტოქის საჯარიმოში არავინ შედიოდა. მართალია, მარსიალი და პოლ პოგბა არ იყვნენ, მაგრამ დანარჩენების თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა”.

შემდეგ, შირერმა სათადარიგოებს გადაავლო თვალი. მისი აზრით ჯესი ლინგარდმა, ანხელ გომესმა და ფრედმა ვერაფერი შეცვალეს. და საერთოდ, მთელი მატჩის განმავლობაში მქონდა შთაბეჭდილება, რომ ამ დღეს „მანჩესტერ იუნაიტედი” არაფრის გამკეთებელი არ იყოო, ამბობს ექსპერტი.

და ბოლოს, ალან შირერმა დაწერა, რომ ყველაფრის მიუხედავად „მანჩესტერ იუნაიტედმა” ოლე გუნარ სულშერს უნდა უერთგულოს. მწვრთნელის შეცვლაზე ფიქრიც არ შეიძლება, მაგას ჯობს ფეხბურთელების სწორად შერჩევაზე მეტი იფიქრონო.