ორშაბათს, თბილისის დროით 14 საათსა და 15 წუთზე იაპონიის ქალაქ ტოიოტაში დაიწყება მატჩი უელსისა და საქართველოს ნაკრებთა შორის, რომლითაც დაიწყება ჩვენი ბორჯღალოსნების იაპონური თავგადასავალი.

თქმაც არ უნდა, რომ ამ თამაშს მთელი საქართველო მოუთმენლად ელის. მოლოდინი დიდია. პროგნოზებისგან ყველა თავს იკავებს, მაგრამ იხტიბარსაც არავინ იტეხს – ერთი მხრივ, რატომაც არა, 2017-ის ნოემბერში ხომ უღირსად გაგვექცნენ „დრაკონები“, მაგრამ მეტისმეტი ხომ არაა, რომ რაღაც იმედებს ექვსი ერის მოქმედ ჩემპიონთან დაპირისპირებაზე ამყარებ და ივიწყებ, რომ ამ გუნდმა წლეულს ხსენებული ტიტული ინგლისის, ირლანდიის, შოტლანდიის, საფრანგეთისა და იტალიის დამარცხების ხარჯზე მოიპოვა და ამ ტოტალური წარმატებით ე. წ. დიდი სლემი შეასრულა…

ამასობაში, მომავალი მეტოქეების დამრიგებლებმა სამატჩო რაზმები გამოაქვეყნეს. დავიწყოთ მილტონ ჰეიგის რჩეულებით.

თუ ქართველების გურუს 23 რჩეულს გადავხედავთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენი გუნდი სენსაციის მოხდენაზე უარს არ იტყოდა. ესაა ფაქტობრივად 23 საუკეთესო ქართველი მორაგბე მოცემულ მომენტში. ხაზებს მივყვეთ:

ფულბეკად, ანუ ბოლო მცველად სოსო მათიაშვილი ითამაშებს, ვისაც მსოფლიო თასზე დებიუტი ექნება, ისევე, როგორც გარემარბებს – გიორგი კვესელაძესა და მირიან მოდებაძეს. თაზო მჭედლიშვილი ზემოთ ჩამოთვლილ ბიჭებზე გამოცდილია, მაგრამ მსოფლიო თასზე ისიც პირველადაა. შუამარბების წყვილს მასთან ერთად 116-კეპიანი ცენტურიონი დათო კაჭარავა შეკრავს, ვისთვისაც იაპონიის მსოფლიო თასი მე-4 იქნება.

ღერძი ახალგაზრდულია: ვასკა ლობჟანიძე, ვინც გასულ მსოფლიო თასზე ტურნირის ყველა დროის ყველაზე მცირეწლოვანი მონაწილე გახდა, და თედო აბჟანდაძე, რომელიც ჯერ კიდევ ივნისში 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობდა.

გადავინაცვლოთ შერკინებისკენ. პირველ ხაზში მარცხენა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილია, მარჯვენა – ბექა გიგაშვილი, ხოლო კვაჭი – შალვა მამუკაშვილიი. ტრავმირებული ბუკა შარიქაძის არყოფნაში კაპიტანი მიშა იქნება, ვისთვისაც ეს მეორე მსოფლიო თასია, ისევე როგორც მამუკაშვილისთვის, გიგაშვილი კი ნაკრებში სულ რაღაც ერთი წლის მოსულია.

მეორე ხაზში ვეტერანი გიორგი ნემსაძე და 2-მეტრიანი კოტე მიქაუტაძე დადგებიან, ვისთვისაც ეს შესაბამისად მესამე და მეორე მსოფლიო თასი იქნება, მესამე ხაზში კი კოკი თხილაიშვილი მარცხენა ფლანკერად ითამაშებს, მამუკა გორგოძე – მარჯვენა მხარეს დადგება, ხოლო მათ უკან, შემკვრელად ბექა გორგაძე გამწესდა, ვისთვისაც უელსთან სამსოფლიოთასო დებიუტი შედგება. კოკი 4 წლის წინანდელ ტურნირზეც იყო, ხოლო მამუკასთვის ეს მე-12 თამაში იქნება მე-4 მსოფლიო ფორუმზე.

მარქაფის შემადგენლობაც იმის დასტურია, რომ საქართველო ბოლომდე ბრძოლას გეგმავს. კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე, ბურჯები გურამ გოგიჩაშვილი და ლევან ჩილაჩავა, მეორეხაზელი ვეტერანი შალვა სუთიაშვილი და ახალი თაობის მესამეხაზელები ბექა საღინაძე და ოთია გიორგაძე – ეს ხალხი უელსის შერკინებაზე წნეხს მეორე ტაიმში გააგრძელებს და იმედია, რომ ჰეიგმაც სწორი აქცენტები გააკეთა რაზმის შერჩევისას. უკანახაზელთაგან მარქაფაში მხოლოდ ვასკას შემცვლელი გელა აფრასიძეა და ლაშა ხმალაძე, რომელსაც თამაში როგორც მგეზავად შეუძლია, ისე ფულბეკად და არც გარემარბის ამპლუაა მისთვის უცხო.

უელსელებზე კი რა გითხრათ? სასტარტოში ლეგენდებიც არიან და რეზერვისტებიც, მაგრამ ფაქტია, რომ მთავარი დამრტყმელი ზალა აქაა – კაპიტანი ალამ ვინ ჯოუნსიც, დენ ბიგარიც, ჯორჯ ნორსიც და ლიამ უილიამსიც, ლი ჰალფპენი მარქაფაშია, მაგრამ ვინ იცის, ის სჯობს თუ სასტარტო გარეთ დევისი? ვნახოთ, მატჩის დაწყებამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება…

                                                       საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უელსთან მატჩში

  1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 11. გიორგი კვესელაძე, 12. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 14. მირიან მოდებაძე, 15. იოსებ მათიაშვილი.

                                                                                      მარქაფა

  1. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. შალვა სუთიაშვილი, 20. ბექა საღინაძე, 21. ოთარ გიორგაძე, 22. გელა აფრასიძე, 23. ლაშა ხმალაძე.