„ბარსელონამ” ახალდაწყებულ სეზონში მეორე თამაში წააგო, ამჯერად „გრანადასთან” — 0:2. მერედა, თუ აქამდე 1994-95 წლების შემდგომ უარესი სტარტი მთლიანად ლეო მესის ტრავმას ბრალდებოდა, ახლა მესი დაბრუნდა. მართალია, 90 წუთი არ უთამაშია, 45 ითამაშა, მაგრამ „ბლაუგრანას” ვერ უშველა.

„შეშფოთებული ვარ, რადგან სტუმრად ცუდად ვთამაშობთ, ვერ ვიგებთ, — თქვა მატჩის შემდეგ „ბარსას”  თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ, — როდესაც გასვლაზე ოთხ შეხვედრაში (სამჯერ ლა ლიგაში და ერთხელ ჩემპიონთა ლიგაში) ვერ გაიმარჯვებ, ეს უკვე რაღაცის სიმპტომია. ესე იგი რაღაც ვერ არის წესრიგში. უპირატესობას ვფლობდით, რად გინდა უპირატესობა თუკი საგოლე მომენტს ვერ შექმნი. თამაშის შემოსატრიალებლად შანსიც არ გვქონია”.

შემდეგ, ბასკმა მწვრთნელმა განმარტა ყველაზე მეტად რომელ ასპექტში გაუჭირდა მის გუნდს.

„მოედნის ბოლო მესამედში სიზუსტე გვაკლდა. ისინი პრესინგს გვეთამაშებოდნენ. მართალია, ჩვენ ამ პრესიდან კარგად გამოვდიოდით, მაგრამ შემდეგ, როდესაც საქმე შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზას მიადგებოდა, აღარ ვვარგოდით. შევეცდებით ეს ნაკლი გამოვასწოროთ”.

რასაკვირველია, თავისი გუნდის წუნი ვალვერდემ სხვებზე კარგად იცის, მაგრამ ცხრილისთვის თვალის გადავლება საკმარისია რომ დავინახოთ: დღეისათვის ლა ლიგის გუნდებს შორის „ბარსელონას” და „ბეტისს” აქვს ყველაზე მეტი, 9 გოლი გაშვებული. შესაძლოა, პრობლემა დაცვაში იყოს.

ვალვერდე: „ცხადია, ასეთი სტარტი არ ვარგა. ეს ის დონე არ არის, რომლითაც ბოლო წლებში გამოვირჩეოდით და ყველაფერი, როგორც გითხარით, სტუმრად უხეიროდ ჩატარებული თამაშების გამოა.

დამნაშავე? ასეთ დროს ყველაფერს საკუთარ თავს აბრალებ. კი ბატონო, მოქმედი პირები ფეხბურთელები არიან, მაგრამ პასუხისმგებელი მწვრთნელია. გუნდი ხან მოიგებს ხან წააგებს, ოღონდ, როდესაც აგებ, უნდა გეთქმოდეს დღეს მოგება შეგვეძლოო. სამწუხაროდ, „გრანადასთან” ამას ვერ ვიტყვი”.