„რო გაეტანა“ ფეხბურთის მოყვარულთა ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამია. საფეხბურთო საკითხებზე კამათში ის სიტუაციის გამწვავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება გახლავთ.

„რო გაეტანა, საქმე სხვაგვარად წავიდოდაო“, მილიარდჯერ უთქვამთ გულშემატკივრებს. იგივე შეიძლება ითქვას „რო არ გაეშვას“ შესახებ. ესეც განთქმული ფრაზაა, მაგრამ, როგორც წესი, ფეხბურთის მოყვარულებს ავიწყდებათ ხოლმე, რომ სოკერი ულმობელი თამაშია და საბოლოო შედეგისთვის „რო“-ს მნიშვნელობა არა აქვს. ეგებ გულშემატკივრისთვის ეს „რო“ გადამწყვეტიც იყოს, რახან საყვარელი გუნდის დაცვისთვის სჭირდება, მაგრამ ანგარიშისთვის „რო“ ცარიელი ადგილია.

როგორც ქართული საფეხბურთო რეპორტაჟის კლასიკოსებისგან მართებულად გვსმენია: „ასე ძალზედ ხშირად ხდება ფეხბურთში, ვერ გაგაქვს შენ, გააქვს მოწინააღმდეგეს“, ამიტომ „რო გაეტანა, რო არ გაეშვა“ თამაშის დრამატულობას კი აღწერს, მაგრამ წაგებულ გუნდს ვერაფერში ეხმარება.

საქართველოს ფეხბურთის მდგომარეობა ახლა ისეთია, რომ მარცხის გასამართლებლად „რო არ გაეშვას“ ვერავინ ამბობს, იმიტომ რომ, თუ ქართული კლუბი გაშვებას დაიწყებს, ამ ტერმინის ხმარება უხერხული ხდება. რომელი ერთი არ უნდა გაეშვა? ამას ნიშნის მოგებით კი არ ვამბობ, არამედ იმიტომ, რომ კარგახანია „რო არ გაეშვა“ ჩვენი ფეხბურთის მისამართით არ თქმულა.

ამიტომ ჩვენთვის მთავარი საყრდენია „რო გაეტანა“. ეს ძალიან დასანანია, რომ კაცმა უნდა გაიტანოს და ვერ გააქვს. ხალხს კი „რო გაეტანა“ შერჩება ხოლმე.

ცუდად მესმის, როცა ჩვენი ფეხბურთისგან ითხოვენ დიდ გამარჯვებებს და თუ რომელიმე ქართული კლუბი მოიგებს, ამას გრძელვადიან მნიშვნელობას მიანიჭებენ ხოლმე. ჩვენი ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობა თავისი ათასი მიზეზით, გამორიცხავს დიდ შედეგებს. ასევე საკვირველია ისიც, რომ ბევრ ფეხბურთელს ჰგონია, რომ „რო გაეტანა“, მისი თამაში ნამდვილი ფეხბურთი იქნებოდა.

ნამდვილი ფეხბურთი. რას ნიშნავს ეს სიტყვები? ალბათ იმას, რასა ზაფხულში ვუყურეთ. მაგრამ არა ამას. ეს ძალიან დიდი ნამდვილი ფეხბურთია. მაგრამ არსებობს პატარა ნამდვილი ფეხბურთიც, რომლის ყურება, ქომაგობა და განცდა ერთი სიამოვნებაა. ყველა ვერ იქნება „იუვე“, „ბარსა“, „რეალი“ და „მანჩესტერი“. მაგრამ არის უამრავი პატარა და ნამდვილი, რომლებიც იშვიათად ამბობენ „რო გაგვეტანას“. თუმცა, როცა ამბობენ, ყოველთვის სათქმელია, იმიტომ, რომ მათი ფეხბურთი ნამდვილი ფეხბურთია.

„რო გაეტანა“ და „რო გაეშვა“ არ უნდა იყოს მთავარი საფეხბურთო სიტყვები.

თუმცა, ამას ისევ ისა სჯობს, სტადიონზე წავიდეთ, აუცილებლად უნდა წავიდეთ სტადიონზე და სიმღერებიც დავაგუგუნოთ,. ევროპულ ტურნირს შერჩენილ ერთადერთ ქართულ კლუბს, თბილისის „დინამოს“ ბრძოლა აქვს გადასახდელი. წელს „დინამომ“ თავი დადო „ატლეტიკის“ წინააღმდეგ, თბილისში რომ ლევან ხომერიკს მეკარემ აუღო, იმის გამო ალალად შეიძლებოდა თქმა, „რო გაეტანაო“, იმიტომ რომ იმ საღამოს ნაღდი თამაში იყო.

„ატლეტიკთან“ თავდადებული „დინამო“, „ვილემ II“-მა 3:0 დაამარცხა. ეს მოულოდნელი იყო გულშემატკივრებისთვის „ატლეტიკის“ შემდეგ, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ „რო გაგვეტანა“ საქმეს უშველის? საქმეს გატანა უშველის და თუ იქნება კიდევ ერთი საღამო ნამდვილი ფეხბურთისა და თუ არ დაგვენანება ამ სიტყვების თქმა, ფეხბურთი სიხარულად გადაიქცევა.

სხვანაირად კი, „რო არ გაეშვა“ „რო გაეტანა“, ფეხი რო არ გადაბრუნებოდა, ავტობუსი რო მოსულიყო, თვითმფრინავი რომ გვყოლოდა, კარი რომ სარაგბო დაედგათ, ფუჭი სიტყვებია.

ფუჭი სიტყვებით კი ფეხბურთი არ იქმნება და რაც მთავარია, არ იგებს.

26.09.1998

წილი
წინა სტატიაჯერჯერობით არ ვარგა
შემდეგი სტატიანიკა, დაივიწყე საფრანგეთი. მთავარი ჩინეთია!
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.