როგორც იქნა, დასრულდა 4 წელიწადად გაწელილი მოლოდინი და რაგბის მოყვარულებმაც გაიხარეს. პარასკევს იაპონიაში სტარტი აიღო რაგბის IX მსოფლიო თასის გათამაშებამ.

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს სეხნია არენა „ტოკიო სთედიუმზე“ ტექნოლოგიურად სხვებზე შორს წასული ამ ქვეყნის შესაფერისი  საზეიმო გახსნა გაიმართა – ძალიან ლამაზი, დახვეწილი და ორიგინალური. ტურნირი ოფიციალურად გახსნეს იაპონიის პრინცმა და „მსოფლიო რაგბის“ პრეზიდენტმა. ხოლო ამ სასიამოვნო საყურებელი ღონისძიების შემდეგ ტექნიკურმა პერსონალმა არენის მწვანე მინდორი სასწრაფო წესით სათამაშო მზადყოფნაში მოიყვანა – იქ ხომ მსოფლიო თასის პირველი მატჩი უნდა გამართულიყო. როგორც ასეთ შემთხვევებში მიღებულია ხოლმე, დიდი ტურნირების გახსნითი მატჩის ერთ-ერთი მონაწილე შეჯბრების მასპინძელია ფა ამ ჯერზე ეს იაპონიის ნაკრები გახლდათ, რომელსაც მეტოქედ რუსეთი ერგო.

ცხადია, ფავორიტის სტატუსი „საკურებს“ ჰქონდათ, რეიტინგის მე-8 ნომერს, ხოლო რუსი „დათვები“ არათუ ამ პულის, არამედ მთელი ტურნირის აუტსაიდერები არიან, რაზედაც მათი რეიტინგიც მეტყველებს და ის ცნობილი სკანდალური გზაც, რომლითაც ისინი ტურნირზე მოხვდნენ.

მაგრამ ასეა თუ ისე, მსოფლიო თასის პირველი ქულები რუსებმა აიღეს. მე-4 წუთზე იაპონელებმა ბურთი ერთობ სულელურად დაკარგეს და კირილ გოლოსნიცკიმ თავისი გვარი რაგბის ისტორიაში როგორც იაპონიის მსოფლიო თასის პირველი ლელოს ავტორი ჩაწერა. კუშნარიოვმა გარდასახა და რუსებმა მასპინძლები 38-ე წუთამდე მდევრის როლში ამყოფეს. თუმცა, ტაიმის ბოლოდან ვითარება ლოგიკურ კალაპოტს დაუბრუნდა და საბოლოოდ იაპონიის ნაკრებმა სოლიდური ჰანდიკაპით იმარჯვა – 30:10. მასპინძლებმა 4 ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც მიიღეს, ხოლო მათმა გარემარბმა მაცუშიმამ ამ ოთხიდან სამი ლელო პირადად დადო და ჩემპიონატის პირველი ჰეთ-თრიქი გაიფორმა.

შაბათს კი ერთბაშად სამი მატჩი გაიმართა, თანაც ყველა – ერთი მეორეზე უკეთესი!

თავდაპირველი რკენა D კალათისა იყო, სადაც ჩვენი ბორჯღალოსნებიც ირიცხებიან. „საპორო დოუმზე“, რომელიც ოდესღაც საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატისთვის საგანგებოდ  აშენდა, ავსტრალია და ფიჯი გავიდნენ. რაოდებ მოულოდნელიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც თამაშის დებიუტი ობიექტურად უფრო სუსტისა იყო.

ის კი არა და, „მფრინავმა ფიჯელებმა“ სულაც პირველი ტაიმი მოიგეს და ნეიტრალური გულშემატკივრის გულიც უთუოდ მოიგეს, იმდენად ლამაზად უტევდნენ ამ ხნის მსვლელობისას. მსოფლიო რაგბის უკაშკაშესმა ვარსკვლავებმა, გარემარბებმა სემი რადრადრამ და ჯოსუა ტუისოვამ პირდაპირ გადაუარეს თავის ოპონენტებს და მათ დანარჩენებიც აყვნენ. ფიჯი დიდხანს იგებდა,მაგრამ „ვოლაბებმა“ მეორე ტაიმში თამაშის ხარისხი მკვეთრად გააუმჯობესეს, რაშიც მთავარი როლი უილ გენიას გამოსვლამ ითამაშა. ხოლო კარგად ორგანიზებულ მეტოქესთან ფიჯელები ბრინჯივით რომ იბნევიან, ეს მათ თავადაც კარგად მოეხსენებათ.

მეორე ტაიმში ავსტრალიელებმა 4 უპასუხო ლელო გაიტანეს, „მფრინავი ფიჯელები“ მიწაზე ძალზე მტკივნეულად დაანარცხეს და 39:21 მოიგეს, ზედაც ბონუსი მიითვალეს და პულში 5 ქულით გალიდერდნენ.

საჩვენოდ ის უნდა ჩავინიშნოთ, რომ ფიჯისთან მომავალ შეხვედრაში მეტოქეს ბურთი უბრალოდ უნდა დავუმალოთ, თორემ არ დაგვინდობენ ისევე, როგორც „ვოლაბები“ არ დაინდეს პირველ ტაიმში. ავსტრალიასთან კი ბოლო მატჩი გვექნება და შეგვიძლია სატურნირო წნეხის გარეშე ვითამაშოთ ის რაც შეგვიძლია…

დღის მეორე მატჩსაც დედაქალაქურმა „ტოკიო სთედიუმმა“ უმასპინძლა. აქ ერთმანეთს „სიკვდილის ჯგუფად“ შერაცხული C ჯგუფის მონაწილეები შეეჯახნენ. ეს იყო ტურნირის ჯერჯერობით ყველაზე დაძაბული და თანაბარი თამაში, რომლის ბედიც ბოლო წამებამდე გაურკვეველი რჩებოდა. საფრანგეთმა არგენტინა 23:21 დაამარცხა, რისთვისაც გამოცდილი კამილ ლოპესის დიდოსტატურ არეკლს უნდა უმადლოდეს. „ლურჯების“ შემადგენლობაში შეცვლაზე ახალშესულმა მგეზავმა ყველასთვის მოულოდნელად დაჰკრა საკმაო დაშორებიდან და ბურთი ზუსტად ძელებს შორის გააძვრინა . ასე დაწინაურდნენ ფრანგები და აშკარად გადაურჩნენ მარცხს, როცა „პუმებმა“ ბოლო წამებზე ჯარიმა ვერ გაიტანეს – ემილიანო ბოფელიმ შორიდან, თანაც კიდიდან ვერ შეძლო მიზნის დალაშქვრა. „ლე ბლემ“ 4 ქულა მიითვალა, ხოლო არგენტინამ მცირე სხვაობით მარცხისთვის 1 სანუგეშო ქულა მიიღო.

დაბოლოს, დიდებულ „იოკოჰამა ინტერნეშნლზე“ გადავინაცვლოთ, სადაც, საყოველთაო აღიარებით, ტურნირის ორი უმთავრესი ფავორიტის ჯახი შედგა – მსოფლიოს სამგზის ჩემპიომი ახალი ზელანდია ორგზის ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ.

ეს მართლაც დიდებული სანახაობა იყო, რომელშიც ხან ერთი გუნდი სჯობდა მეტოქეს, ხან მეორე. „ქურციკებმა“ თავიდანვე იძალეს და მე-20 წუთამდე დომინირებდნენ კიდეც, თუმცა დიდი სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა მხოლოდ 3 ქულად აქციეს. „ოლ ბლექსმა“ კი პირველივე შანსით ისარგელა და ჯარიმაც გაიტანა, ზედ ლელოც მიაყოლა, მერე – მეორე ლელოც შექმნა და ტაომი 17:3 მოიგო.

მეორე ტაიმის დებიუტიც აფრიკელთა უპირატესობით აღინიშნა და ამ ჯერზე მათ ლელო გაიტანეს, რომელიც გარდასახეს და მოგვიანებით ჯარიმაც ზუსტად დაარტყეს 17:13, მაგრამ ზელანდიელებმა თამაში ძალზე დისციპლინირებულად და ჭკვიანურად ჩაამთავრეს და „ბოკე“ სანუგეშო ბონუსის გარეშე დატოვეს – 23:13. ასე რომ, „წინასწარი ფინალი“ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა.