ზინედინ ზიდანის დაბრუნება ჩემპიონთა ლიგაში საშინელი გამოვიდა — „რეალმა” ნეიმარ და მბაპენაკლულ „პარი სენ ჟერმენთან” 0:3 წააგო. მადრიდელებს სამიდან ორი გოლი მათმა ოდინდელმა ვარსკვლავმა, გუნდიდან გაშვების გამო მათზე გაბრაზებულმა არგენტინელმა ანხელ დი მარიამ გაუტანა.

ამ შეხვედრაში „რეალს” ორი გოლი არ ჩაუთვალეს, თუმცა სამართლიანად. და ამ ორ მომენტს თუ არ ჩავთვლით, გუნდს კარში არ დაურტყამს. კარისკენ კი ბატონო, მაგრამ ჩარჩოში რომ დაემიზნებინებინა და იქ ან მეკარეს მოეგერიებინა ან მცველს, ასეთი არ მომხდარა. ბრიტანული კომპანია Opta, რომელიც 70 ქვეყანაში სპორტის 30 სახეობის სტატისტიკას აწარმოებს, აცხადებს რომ ეს „თეთრებს” ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად მოუვიდათ.

ბრიტანელების კვლევას ესპანეთში თავისი დაკვირვებაც დაამატეს — ამგვარი რაღაც „რეალის” თავს, ყველა შეჯიბრებაში ერთად, 578 შეხვედრაში არ მომხდარა. არადა, ლაპარაკია გუნდზე რომლის თავდასხმაში თამაშობდნენ ედენ აზარი, გარეთ ბეილი და ქარიმ ბენზემა.

და მიუხედავად იმისა, რომ ზიდანი „რეალში” ახლახან, მარტში დაბრუნდა, სოციალურ ქსელებში გამოჩნდა პოსტები, რომელთა ავტორები ფრანგის გაშვებას ითხოვენ.

იყო სტატუსები, სადაც ეწერა, რომ „რეალში” ზიდანის პირველი პერიოდი მხოლოდ იმიტომ იყო წარმატებული, რომ მას კრიშტიანუ რონალდუ ჰყავდა. ზოგი წერდა, კარგი იქნება თუკი მწვრთნელი ახალი კლუბის ძებნას დაიწყებს, მერე რა, რომ სეზონის დასაწყისიაო.

„როგორ შეიძლება ახალ ფეხბურთელებში 500 მილიონი გადაიხადო და ასე ითამაშო? ზიდანი რონალდუს გარეშე არავინაა”, — ვკითხულობთ ერთ-ერთ პოსტში.

„ზიდანის „რეალში” დაბრუნებას მხოლოდ ის გამართლება აქვს, რომ ახლა ფლორენტინო პერესი მას სწორად გააგდებს, როდესაც ის დამარცხებული იქნება და არავინ იტყვის ტრიუმფატორის გაშვება როგორ შეიძლებოდაო”, — ფიქრობს სხვა.

შემდეგი თამაში „რეალს” 1 ოქტომბერს, შინ, „ბრიუგესთან” აქვს.