STILL მავანიო, ასე შესძახებენ ხოლმე ინგლისელი ტელეკომენტატორები, როცა მავანი ყაჩაღი ფეხბურთელი ბურთს არ დაჰკარგავს და მონდომებით მიიწევს წინ. ადვილი გადმოსათარგმნია, STILL მავანიო, ნიშნავს კვლავ ესო, ესე იგი, არ დაადგა საშველი ამ ფეხბურთელის დაკავებასო. თანაც იმათ რეპორტაჟი არ ესწავლებათ და ისე აუწევენ ხოლმე ხმას ამ STILL-ის თქმისას, რომ ბურთის მოყვარე კაცს ჟრუანტელი დაუვლის.

მე აი, რატომ ვამბობს ამას – ბოლო კვირაა, თემურ ქეცბაიას სახელი გვესმის. გვესმის კი არა, უყურებთ კიდეც მას და ზოგადად, არასარეპორტაჟოდ მაინც უნდა შევძახოთ: STILL KETS! (ასე უწოდებენ ინგლისური გაზეთები).

რაც რომ ტინსაიდში მწვრთნელად რუდ გულიტი მივიდა, ქეცბაიას საქმე გამოკეთდა. ზედიზედ ორი თამაშია ძირითადში დგას. და არა მხოლოდ დგას, არამედ იღვწის კიწდეც. ის ცხონებული კენი დალგლიში კი ისე უმალავდა საზოგადოებას მის თავს, როგორც წუწკი ბატონები ყმებს მეფე ერეკლეს.

და ქეცბაია თამაშობს. ამპლუაც შეუცვლია და დაიაპაზონიც სხვა აქვს. ისა და ახალგაზრდა სტივენ კლასი ჯარიმებსა და კუთხურებს წინასწარ ჩაფიქრებული ხერხით აწვდიან, ისა და ალან შირერი ერთად არიან სწრაფი შეტევის დროს და ა.შ. პატარა ეპიზოდებშიაც ხშირად კარგად ირჯება, მოკლედ, ქეცბა თამაშობს. განა საქართველოს არ ჰყოლია ნაღდი ვარსკვლვები და ქეცბაზე უკეთესი და სახელოვანი ფეხბურთელები? ჰყოლია, რა თქმა უნდა. მაგრამ, მგონია, რომ ქეცბა ერთადერთია, რომლის გამოც იტყვი, STILL KETS! ისევ და ისევ, ისო. არა მაინცდამაინც პირდაპირი, არამედ უფრო გადანაცვლებით მნიშვნელობით. თითქოს არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ დაივიწყო.

თვალწინაა ეპიზოდი – მატჩი საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებს შორის. ქეცბაიას ალბათ, ყველაზე უვარგისი გამოსვლა ნაკრებში, გამოცვალეს. პირდაპირ გასახდელისკენ წავიდა. გაბრაზებულმა გაიხადა მაისური, პოლიციელს გადაუგდო და გვირაბში გაუჩინარდა. აღარ დავკვირვებულვარ, მაგრამ უკან აღარ ამობრუნებულაო. ჩანდა, გაბრაზებული იყო. ალბათ იმით, რომ ვერ ითამაშა. ვერაფერი გააწყო.

კაცი იფიქრებდა, მოჩრა და გათავდა, მისი ფეხბურთი დასასრულს უახლოვდებაო და წამსვე გაიხსენებდა: ძალიან დიდი ხანია, თითქოს საუკუნეა თამაშობსო. ჯერ კიდევ საბჭოთა ხანაში გამოჩნდა „დინამოში“, მერე კვიპროსზე გაცდენილი წლები, იქაური ჭაობიდან თავის დაღწევა, საბერძნეთი და ჰა, პრემიერლიგა, ეყოფა ერთ კაცს, რომელმაც ყველაფერს თავისით მიაღწია, მოინდომა, იწვალა, გზებსა და სადგურებს გადასწვდა და საქვეყნოდ ცნობილი შეიქნაო.ასე იფიქრებდა კაცი მაშინ, მოედნიდან გვირაბისკენ მიმავალს რომ უყურებდა. მაგრამ საქმეც ეს არის – STILL KETS!

ათი დღე გავიდა ამ საღამოდან და ქეცბაია ამოქმედდა, აფეთქდა, „საუთჰემპტონთან“ თავი გამოიჩინა და „პარტიზანის“ წინააღმდეგაც ძირითადში მოხვდა. „ნიუკასლი“ ჯერ კიდევ სუსტი გუნდი, ახლაღა იცვლის ნირს წუწურაქი სქოთის მეფობის შემდეგ. განა ხუთშაბათს ქეცბამ უნაკლოდ ითამაშა? რა თქმა უნდა, არა.

გულიტი რომ მოვიდა „ნიუკასლში“, წამსვე ლაპარაკი ატყდა, ბევრს გაუშვებს და ახლებს მოიყვანსო. ხვალ რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ დღევანდელ „ნიუკასლში“ ქეცბაია საჭირო კაცია. ხვალ კი, თემური არც ხვალ დაიკარგება. რატომღაც მგონია, რომ ის ძალიან დიდხანს შემორჩება ფეხბურთს. ასეთებს უჭირთ მოედნიდან გამოსვლა. ისინი მოუთმენლად ელიან მოედანზე შესვლას. იბრძვიან ამისთვის და მერე იქაც, მოედანზეც თავდაუზოგავნი არიან. მე არ ვლაპარაკობ დიდოსტატობასა და ვარსკვლავობაზე. მე მინდა ვთქვა იმის გამო, რომ ამ ტიპის, ამ ხასიათის, ამ განწყობისა და მონდომების მოთამაშის არსებობას ჩვენს ფეხბურთში დიდი მნივშნელობა აქვს.

STILL KETS! კვლავ ისაო.

19.09.1998

 

 

 

 

წილი
წინა სტატიაერიკსენი არაფრად ვარგა
შემდეგი სტატიაირანი ძიუდოდან მოკვეთეს
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.