„დინამოს“ გენდირექტორი ზაზა დოლიძე, პრეზიდენტი რომან ფიფია და ლევან მჭედლიძე კლუბის დიღმის საწვრთნელ ბაზაზე                                                               ფოტო: FC dinamo

არიან ფეხბურთელები, რომლებსაც უბრალოდ არ უმართლებთ. თავის თაობაში ლევან მჭედლიძე ერთ-ერთი უიღბლოთაგანია.

ის 29 წლის ასაკში თბილისის „დინამოში“ გააგრძელებს თამაშს. ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის გაძლიერება აბა, როგორ არ გვიხარია, მაგრამ გახსოვთ, როგორ იწყებოდა ლევანის კარიერა?

გორის „დილაში ჩატარებული სულ ორი მატჩი ჰქონდა ზურგსუკან და… იტალიური „ემპოლი“! გახსოვთ, ვის გაუტანა პირველი იტალიური გოლი? ტურინის „იუვენტუსს“! თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ „ქართველი ვიერი“ ქრონიკულმა ტრავმებმა გატანჯა. ამადაც იყო, რომ იტალიაში 160-მდე მატჩი მოუგროვდა. ნაკრებშიც ხშირად ვსაკლისობდით, თუმცა 32-ჯერ მაინც მოასწრო ჯვაროსანთა მაისურის მერგება.

ბედის ირონიით, დებიუტი სწორედ იტალიასთან ჰქონდა, პირველი გოლი კი შოტლანდიას გაუტანა. ძალისმიერი, ტანმაღალი, მოედანზე აგრესიული მჭედლიძე დიდებული შენაძენია „დინამოსთვის“, რასაც ალალად ვულოცავთ მის ხალმძღვანელობას.

არის მეორე ასპექტიც: 13-წლიანი ევროპული გამოცდილების მქონე ფეხბურთელი არამხოლოდ პარტნიორებისთვისაა ჩინებული სკოლა, არამედ მწვრთნელსაც შეუძლია გაუწიოს მოედანიდანვე თანაშემწეობა-კონსულტანტობა. ამის ჩინებული მაგალითი თავის დროზე ალექსანდრე იაშვილმა მისცა კოლეგებს.

29 წელი ის ასაკია, როცა ევროპამ ისევ შეიძლება გიხმოს, იქამდე კი ვიაროთ „დინამოს“ თამაშებზე – სერია A-დან საქართველოში ჩამოსული ფეხბურთელი გინახავთ? ახლა ნახავთ…

ლევან მჭედლიძე დინამოში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა                                                           ფოტო: FC dinamo