ირანის ძიუდოს ფედერაციას მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით გასამართ უკლებლივ ყველა ტურნირზე გამოსვლა აეკრძალა. ამგვარი გადაწყვეტილება იაპონიაში მსოფლიოს ჩემპიონატის დროს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. შესაბამისი განცხადება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ოთხშაბათს გამოაქვეყნა.

აგვისტოს ბოლოს ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას ცნობილი გახდა, რომ ირანის ხელისუფლებამ ძიუდოისტ საიდ მოლაიეის ტურნირიდან მოხსნა მოსთხოვა, რათა ისრაელელ სპორტსმენთან შესაძლო დაპირისპირება თავიდან აერიდებინა.
ძიუდოისტმა უარი თქვა შეესრულებინა მოთხოვნები, რომლებსაც თან მუქარაც ახლდა. შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნებაზე უარი თქვა და გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. ირანის ძიუდოს ფედერაციამ საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილება შესაძლოა სპორტულ არბიტრაჟში გაასაჩივროს.