ჩემპიონთა ლიგა ბევრი მოულოდნელობით დაიწყო. მათ შორის გახლდათ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” 2:2 ათენში, „ოლიმპიაკოსთან”, სადაც შედეგზე მეტად ჩრდილო ლონდონელთა უხარისხო თამაში იყო გასაკვირი.

„სანი” წერს, რომ ამ დღეს „სფურზის” მოთამაშეებიდან ბევრი ჩაფლავდა, რომელთა შორის დანიელი კრისტიან ერიკსენი გამოირჩეოდა. ინგლისურმა გაზეთმა ერიკსენის კრიტიკას ცალკე წერილი მიუძღვნა.

როგორც ჩანს, „სანი” გააღიზიანა იმან, რომ თამაშის 54-ე წუთზე სწორედ დანიელის დაუდევრობამ გამოიწვია პენალტი „ტოტენჰემის” კარში — ერიკსენმა ბურთი საჯარიმოს წინ, ორიოდ მეტრში მიიღო და იქვე დაკარგა. ასეთი შეცდომა მოსდით, როდესაც არ ფიქრობენ იმაზე, რასაც აკეთებენ.

გაბრაზებული გაზეთი წერს, რომ ამ შეხვედრაში დანიელის უგულისყურობა ბურთის ბევრჯერ დაკარგვის მიზეზი გახდა. საერთოდაც, „სანის” აზრით „სფურზი” პირველ ნახევარ საათში სრულიად დაუმსახურებლად დაწინაურდა 2:0, მაგრამ მასპინძლებმა შესვენებამდევე შეამცირეს სხვაობა, ხოლო შესვენების შემდეგ, ზემოთაღწერილი პენალტით გაქვითეს კიდეც.

გამოცემა ერიკსენის საფეხბურთო კრიტიკით არ კმაყოფილდება და „სფურზის” არგენტინელ თავკაცს მაურისიო პოჩეტინოს ცოტა ხნის წინანდელ ინტერვიუს ახსენებს. 1 სექტემბერს, ჩრდილო ლონდონურ დერბიში „ტოტენჰემმა” და „არსენალმა” ასევე 2:2 ითამაშეს, რის მერეც სატრანსფერო ჭორებით დაღლილმა პოჩეტინომ თქვა:

„ჩვენ ერთად დგომა გვჭირდება. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ ჭკუაზე ყოფნაა. ყველა მოთამაშეს გონება ისევე უნდა ჰქონდეს გაწმენდილი, როგორც კრისტიან ერიკსენს. ყველა 100 პროცენტით „ტოტენჰემზე” უნდა გადმოერთოს, რაც მაშინ მოხდება, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა ბოლოსდა ბოლოს დაიხურება”.

ამ ნათქვამში ყურადსაღები ის არის, რომ პოჩეტინოს ერიკსენი მთელი გონებით „ტოტენჰემზე” გადართული ადამიანი ჰგონია, რომელსაც ზაფხულზე სხვაგან გადასვლა არ უნდოდა და გული არაფერზე დასწყვეტია. „სანი” კი მიიჩნევს, რომ დანიელს ზაფხულში „რეალში” (შესაძლოა სხვაგანაც) სურდა გადაბარგება და ახლა იმედგაცრუებული გულს ვეღარ უდებს „სფურზში” თამაშს.

ერიკსენის კრიტიკას გაზეთი ისევ სატრანსფერო თემით ასრულებს. ფეხბურთელების გადასვლა-გადმოსვლა მართალია 2 სექტემბერს შეწყდა, მაგრამ იანვარში განახლდება და იქნებ ერიკსენმა ეს გაითვალისწინოს, თავი ხელში აიყვანოს, ძველებურად ათამაშდეს და პოტენციურ მყიდველს თავი მოაწონოს, თორემ ასეთი მომჩვარული ვის რაში სჭირდებაო.