კრის კოულმენი ხომ გახსოვთ? ყოფილი უელსელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. 2012-17 წლებში უელსის ნაკრებსაც კი ედგა სათავეში. დღეს დიდი ფულის საშოვნელად ჩინეთშია გადახვეწილი და „ჰებეი ჩაინა ფორჩუნ ფუტბოლ კლაბს” წვრთნის. სწორედ ამ კოულმენმა აიმაღლა ხმა თანამემამულის, გარეთ ბეილის დასაცავად.

საქმე ის არის, რომ ბეილზე ხშირად ქილიკობენ, ექვსი წელია „რეალში” თამაშობს და ესპანური ვერა და ვერ ისწავლაო. კოულმენმა კი თქვა:

„მე გარეთთან ერთად მადრიდში რესტორანში ვიყავი და მოწმე ვარ, რომ ის შესანიშნავად ლაპარაკობს ესპანურად. ბეილი თავისუფლად უკვეთავს კერძებს, ესალმება ხალხს… ის ზრდილობიანი ადამიანია და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამა თუ იმ ენის ცოდნა მისი პირადი საქმეა. მთავარია, რომ გარეთი მოედანზე ყველასთვის გასაგები ენით ლაპარაკობს. დღეს ის დიდი ბრიტანეთიდან გასული ყველაზე სახელოვანი ფეხბურთელია”.